ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. 12 წელია სკოლაშია და ამ ხნის მანძილზე მუდმივად ზრუნავს საკუთარ წინსვლასა და განვითარებაზე, რადგან თვლის, რომ მასწავლებელი, რომელიც ცვლილებებს, წინააღმდეგობებს და პრობლემებს არ უშინდება, ყოველთვის საიმედო დასაყრდენია სკოლისთვის და ზოგადად, განათლების სისტემისთვის.
გაკვეთილებზე თამარი ისეთ მეთოდებს და მიდგომებს იყენებს, რომელიც ბავშვებს საგნისადმი ინტერესს უღვივებს. მაგალითად, თამაშით სწავლება მისი ერთ-ერთი საყვარელი მეთოდია, რადგან ამ მეთოდის გამოყენებით მარტივად და ხალისიანადაა შესაძლებელი მიზანზე გასვლა. პრიორიტეტულია პროექტებით სწავლება და პრაქტიკული ინტერვენციები, როდესაც მოსწავლეებისთვის ცხადი და ადვილად დასწავლადია მთელი ის პროცესი, რომელშიც ჩართულები არიან.
მოსწავლეებისთვის საგნის სწავლების გარდა, თამარისთვის უმთავრესი ამოცანაა, ახალგაზრდა თაობას ესმოდეს იმ აუცილებელი უნარების მნიშვნელობა, რომელიც 21-ე საუკუნის მოქალაქეს სჭირდება. თვლის, რომ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა რთულ სიტუაციებში, გათავისებული ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ რატომ არის აუცილებელი უსამართლობასთან ბრძოლა და საკუთარი უფლებების სწორად და მიზანმიმართულად დაცვა. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ფეხი აუწყონ ცვლილებებს – იქნება ეს ციფრული, ტექნოლოგიური თუ გლობალური ტიპის სიახლე. მოზარდებში ამ ტიპის უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის თამარი ხშირად მართავს დისკუსიებს მოსწავლეებთან და კოლეგებთან, მუდმივად მზად არის კოლეგების დასახმარებლად და თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებს სიამოვნებით უზიარებს მათ, რათა მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები ბავშვებისთვის საინტერესო, სახალისო და განმავითარებელი იყოს.
თამარი აქტიური მოქალაქეა. უსამართლობის განცდამ უბიძგა დაეწყო ბრძოლა მასწავლებლებისთვის დეკრეტული შვებულების სრულად ანაზღაურებისთვის, რადგან წლების განმავლობაში დეკრეტული შვებულება არ ნაზღაურდებოდა და დამოკიდებული იყო დირექტორის კეთილ ნებაზე. სხვადასხვა ინსტანციის ჩართულობით, მან მოახერხა მიეღწია დასახული მიზნისთვის. თამარის მიერ ჩატარებულმა სოციალურმა კამპანიებმა გააერთიანა ათასობით მასწავლებელი და დაანახა განათლების სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, რომ აუცილებელი იყო კონკრეტული საკითხის დადებითად გადაწყვეტა. 2023 წლის 1 იანვრიდან ყველა მასწავლებელს, რომელიც გავა დეკრეტულ შვებულებაში, სრულად უნაზღაურდება კუთვნილი 6 თვის ხელფასი. თამარი აგრძელებს სოციალურ აქტივიზმს და თამამად საუბრობს სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს. დაგროვილი გამოცდილებით აპირებს პრობლემების მოსაგვარებლად კვლავ იაქტიუროს და დადგეს იმ მასწავლებლების გვერდით, რომელთაც სურთ მომავალი თაობები აღზარდონ სკოლებში, სადაც ხარისხიანი და საინტერესო გაკვეთილების ჩასატარებლად ყველა პირობა იქნება შექმნილი, სადაც მასწავლებლები თავს დაფასებულად იგრძნობენ და არ ექნებათ განცდა, რომ ანაზღაურება გაწეულ შრომას არ შეესაბამება, სკოლები იქნება დეცენტრალიზებული და აპოლიტიკური, სადაც ყველა მასწავლებელს, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, საჭირო რესურსთან ექნება წვდომა, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსწავლეებში თანამედროვე აზროვნების და საჭირო უნარების ჩამოყალიბებისთვის.
თამარს სჯერა, რომ თითოეული მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებებისთვის და სწამს, რომ თუ მასწავლებლები გაერთიანდებიან, განათლების სისტემაში სასიკეთო ცვლილებები შესაძლებელია. a