თამარ ადამია მუშაობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26-ე საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად. თამარის პედაგოგიური პრაქტიკა გამორჩეულია, რადგან ფსიქოლოგად, მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის გამოცდილება ეხმარება მარტივად შეძლოს ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. მაგალითად: მოსწავლეებში ეკოცნობიერების ასამაღლებლად გეგმავს ორიგინალურ ეკო გამოფენებს, წიგნიერების დონის ასამაღლებლად საბავშვო საგანმანათლებლო წიგნების პროექტებს, შემოქმედებითობის გასავითარებლად-გამოფენებსა და სატელევიზიო მასტერკლასებს. მოსწავლეებს ასწავლის განსხვავებულად შეხედონ უკვე არასაჭირო ნივთს და აღმოაჩინონ მისი ორიგინალურად გამოყენების გზები. თამარი თვლის რომ ,,კეთებით სწავლა“ ერთ-ერთი უმთავრესი პროცესია სასკოლო ცხოვრებაში.
თამარი ატარებს საწრეო და საკლუბო მუშაობას, მისი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებსა და გამოფენებში, იმსახურებენ სიგელებსა და სერტიფიკატებს. თამარის რამდენიმე მოსწავლე სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტია, ისინი თვლიან რომ ეს მათი მასწავლებლის დამსახურებაა, რადგან სკოლის პერიოდში ხშირად მონაწილეობას იღებდნენ საინტერესო პროექტში.
თამარი ადგილობრივი სკოლის მასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით აწყობს სამუშაო შეხვედრებს, საჩვენებელ გაკვეთილებს და ეხმარება მათ პროფესიულ ზრდაში. ასევე, როგორც აქტიური მოქალაქე და მასწავლებელი, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მართავს ეკოგამოფენებს საქველმოქმედო მიზნით, იღებს მოწვევებს და სტუმრობს საგანმანათლებლო არაფორმალურ ღონისძიებებს, რომელიც იგეგმება საქართველოს სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, ტელევიზიებსა და რადიოში, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ასამაღლებლად. შეხვედრებზე საუბრობს წიგნების მნიშვნელობაზე, უკითხავს თავის ზღაპრებს, მოთხრობებს, შემდეგ ატარებს სახელოვნებო მასტერკლასებს და თავის საქმიანობას აზიარებს ბლოგით. არის მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის “ლიბო-მნტ”-ს ტრენერი პროფესიულ უნარებში. პერიოდულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და არტთერაპიის სეანსებით მდგომარეობას უმსუბუქებს ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და ბავშვებს; მონაწილეობას იღებს საქართველოს დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია “ზეკარის” პროექტებში საბავშვო მწერლისა და ტრენერის რანგში. არის “პროფესიონალ ფსიქოლოგთა და პედაგოგთა ასოციაციის” (პფპა) დამფუძნებელი და წარმატებით ახორციელებს პედაგოგთა გადამზადებას.
ბიოგრაფია
თამარ ადამია დაიბადა 1966 წლის 14 ივნისს. დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახელმწიფო ინსტიტუტი-პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და სახელოვნებო სპეციალობა; მუშაობდა გაგრის და თბილისის საბავშვო ბაღებში, “sos ბავშვთა სოფელში” ფსიქოლოგად და მასწავლებლად; 2004 წლიდან დაიწყო თავისი საბავშვო წიგნების გამოცემა. 2010 წლიდან გახდა ვ. ესვანჯიას სახ. იტალიურ სკოლა “ცისკარის” ფსიქოლოგი და ხელოვნების მასწავლებელი. პარალელურად “ლიბო-მნტ”-ს ტრენერი, 2012-15 წლებში ტელევიზიებში მიჰყავდა საბავშვო გადაცემები; 2014 წლიდან ჩართულია ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში კონსულტანტ-მასწავლებლად. ის არის 30 მეტი შემეცნებითი, მხატვრული, ასევე გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორისაა ბესტსელერი “მხიარული დედაენა” რომელიც 18-ჯერ გამოიცა და პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ-ემიგრანტ ბავშვებში. მონაწილეობდა დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის პროექტში მწერლის სტატუსით. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.