სოფიო ძიგრაშვილი

სოფიო ძიგრაშვილი

სოფიო ძიგრაშვილი 2019 წლიდან სსიპ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებელია. 2008 წლიდან თანამშრომლობდა სკოლებთან სსსმ მოსწავლეების უფლებების დაცვის მიზნით (არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით, სოციალური მუშაკის პოზიციაზე), ასწავლიდა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ცდილობდა გაეუმჯობესებინა მათი საბაზისო აკადემიური უნარები. თუმცა მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემდეგ უფრო ნათლად დაინახა სსსმ მოსწავლეების საჭიროებები და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების გაძლიერების აუცილებლობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ასევე მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის  საჭიროება.

სოფიო ძიგრაშვილის აზრით, სკოლა სამი მნიშვნელოვანი რგოლის: მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჯანსაღი თანამშრომლობის შედეგად ხდება წარმატებული. სწორედ ამიტომ, ის თვლის, რომ თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მუშაობა საჭიროა სამივე რგოლთან.

სოფიომ სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა შეხვედრები არა მარტო მოსწავლეების ჯგუფთან (თემა: ძალადობა, სტიგმა, ბავშვთა უფლებები, ჯანსაღი კომუნიკაცია და ა.შ.), არამედ პედაგოგებთან (თემა: ინკლუზიური განათლების არსი, განვითარების დარღვევები, სასწავლო მეთოდები, ტერმინების მართებულად გამოყენება,   ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დანერგვა, კომპლექსური დავალების ადაპტირება და ა.შ.) და მშობლებთან. სკოლაში ჩამოაყალიბა  მშობელთა კლუბი. კლუბის ფარგლებში  შეხვედრები ჩატარდა მნიშვნელოვან თემებზე: ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები, ბრაზისა და ემოციის მართვა, პოზიტიური მშობლობის არსი, ძალადობა და პრევენციის გზები, დასჯა და დისციპლინა  და ა.შ.

საქმისადმი პასუხისმგებლობიანმა დამოკიდებულებამ გააუმჯობესა მოსწავლეების ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო აქტივობებში, კომუნიკაციის უნარები, გაუღვივა მათ ემპათიის გრძნობა, ხელი შეუწყო ჯანსაღი ღირებულებების/დამოკიდებულების  ჩამოყალიბებას არამარტო სასკოლო  საზოგადოების,  არამედ  თემის წევრებს შორის.

სოფიო ძიგრაშვილი ფიქრობს, რომ ინკლუზიური განათლების არსისა და სპეციალური მასწავლებლის მოვალეობების შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს საზოგადოება, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირები.  ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოფიო ძიგრაშვილის ორგანიზებით ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული სახელწოდებით: „ინკლუზია ნიშნავს“. კვირეულის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდა ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან,  მასწავლებლებთან და მშობლებთან. კვირეულის დასკვნითი დღე დაეთმო რეგიონულ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობდნენ  იმერეთის რეგიონის (ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია) სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ქალაქში არსებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.