სოფიო ბაჩილავა კერძო სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელია. იგი არის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრი. 2020 წელს გახდა თბილისის რეგონის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი. სოფიო ეროვნული სასახლის „თბილისის ახალგაზრდული კლუბსაც“ ხელმძღვანელობს. იგი მე-8 და მე-9 კლასების მოქალაქეობის სახელმძღვანელოს თანაავტორი და ტელესკოლის მასწავლებელია.
სოფიო ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, რისთვისაც ატარებს ინტერაქციულ აქტივობებს, იყენებს მულტიმედიურ რესურსებს, ელექტრონულ აპლიკაციებს. თავად ქმნის საგანმანათლებლო მასალას, კერძოდ, თამაშებს, ზღაპრებს, სიმღერებს. მოსწავლეებისთვის გაკვეთილები უფრო საინტერესო რომ გახადოს, იკვლევს და საკლასო აქტივობების დაგეგმვისას ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს. მაგალითად, საგნობრივ საკითხებზე მუშაობისას იშველიებს სპორტულ ისტორიებს, მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ ფილმებს, სამაგიდო და კომპიუტერულ თამაშებს და სხვა. საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, პროფესიული ლიტერატურის დამუშავების, შესაბამისი გადამზადების კურსების გავლისა და თვითშეფასების გარდა, იგი იკვლევს მოსწავლეების მოლოდინებსა და უკუკავშირს რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ გაკვეთილზე.
სოფიო ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას, მათი ძლიერი მხარეების წარმოჩენასა და გაძლიერებას. სჯერა, რომ თითოეულ მოსწავლეში იმალება ნიჭი, რომელსაც სჭირდება აღმოჩენა და განვითარება. ამის მაგალითია სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელიც სოფიოს ჩართულობით შეიქმნა. კლუბში მოსწავლეები თავად გეგმავენ აქტივობებს, აგვარებენ როგორც ტექნიკურ, ასევე შინაარსობრივ გამოწვევებს, მასწავლებელს კი მხოლოდ ფასილიტატორის როლი აქვს. ნებისმიერ მოსწავლეს, იმის მიუხედავად არის თუ არა კლუბის წევრი, აქვს საშუალება ჩაერთოს კლუბის აქტივობებში და გამოავლინოს საკუთარი მისწრაფება და ნიჭი. ამას ადასტურებს მოსწავლეების მიერ პროექტების ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდი, ელექტრონული პოსტერები, ნათარგმნი მასალები, ხელნაკეთი ნივთები, კომიქსები, ვიდეო რგოლები და ა.შ
სოფიოს აქვს ბლოგი და ფეისბუქ გვერდი, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის წარმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც ძირითადად საკუთარ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს უზიარებს კოლეგებს. იგი ხშირად ატარებს ტრენინგებს მოხალისეობრივად და ცდილობს პროფესიის პოპულარიზებას. ფიქრობს, რომ გამოსდის, რადგან ხშირად მიმართავენ რჩევისთვის, თუ როგორ გახდნენ მასწავლებლები. ამ კუთხით, განსაკუთრებული ინტერესი ტელესკოლაში გასული გაკვეთილების შემდეგ გამოვლინდა. სოფიოს აზრით, ტელესკოლამ და მათ შორის, მისმა ჩატარებულმა გაკვეთილებმა, ხელი შეუწყო პროფესიის პოპულარიზებას, საგნის მნიშვნელობის წარმოჩენას და საზოგადოების დაინტერესებას.
საჯარო აქტივობების გარდა, სოფიო არის სკოლა ოპიზას განვითარების ჯგუფის წევრი. მონაწილეობს სკოლის კლიმატის გაჯანსაღებისა და სასკოლო საზოგადოების გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაში. იგი არის სხვადასხვა ღონისძიების ინიციატორი, რომელთა განხორცილებაშიც რთავს მთელს სკოლას.
პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობას სოფიო მხოლოდ სკოლაში არ ცდილობს. მან მეგობართან ერთად შექმნა საინიციატივო ჯგუფი „სოციალური შუქნიშანი“, ჯგუფმა მოხალისეობრივად და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გააკეთა საინფორმაციო კამპანია აზარტული თამაშების მავნებლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოამზადეს და სოციალური მედიით გაავრცელეს სოციალური რეკლამები და ბლოგპოსტები. ამავე ჯგუფის სახელით და ქალთა ფონდის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი „გზაზე ერთი ქალი მოდიოდა“ და შეიქმნა არაერთი რესურსი გენდერული თანასოწორობის შესახებ. სოფიო მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებას.
სოფიოს სჯერა, რომ შეუძლია სასიკეთო ცვლილებების განხორციელება!