Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სალომე გოჩოლეიშვილი

სალომე გოჩოლეიშვილი

სალომე გოჩოლეიშვილი 2011 წლიდან თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პროგრამის – “არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ – ფარგლებში და მივლენილია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლად.

სალომემ 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2015 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. 2018 წელს კი, გახდა განათლების ადმინისტრირების მაგისტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ასწავლიდა ქართულ ენას სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს.  2019 წელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

სალომე მასწავლებლის გაკვეთილები დემოკრატიული სწავლა-სწავლების პროცესია, რომელშიც თითოეულ მოსწავლეს აქვს თვითგამოხატვის შეუზღუდავი თავისუფლება. კონსტრუქტივისტული სწავლების მიდგომებზე დაფუძნებულ საგაკვეთილო პროცესში ის მოსწავლეთა პარტნიორი და გეზის მიმცემია. მას აქვს ერთგვარი პროფესიული აზარტი, თითოეული მოსწავლე ინტერესით იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამისათვის, მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ქმნის მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს. საგაკვეთილო და კლასგარეშე აქტივობების განხორციელებით მოსწავლეებს ეხმარება, განავითარონ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და ღირებულებები. ის წარმართავს საკლუბო საქმიანობას და ახორციელებს პროექტებს  სკოლის მოსწავლეთა და ადგილობრივი თემის ჩართულობით.

საგაკვეთილო ჩართულობასთან ერთად, სალომეს მოსწავლეები მუდმივად მზად არიან მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში და ამ გზით გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ფლობის დონე. ისინი სკოლის კედლებში მიღებულ ცოდნას აქტიურად იყენებენ ყოველდღიურ სიტუაციებში, წარმატებით მონაწილეობენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში. სალომეს მოსწავლეების მიერ შექმნილმა მულტიმედიურმა რესურსმა გაიმარჯვა eTwinning-ის კონკურსში: „დემოკრატიული ჩართულობა“. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მოსწავლე გოგონების მიღწევები. აზერბაიჯანულ თემში მცხოვრები გოგონების გაძლიერებისკენ და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი ძალისხმევის შედეგია ის, რომ სალომე მასწავლებლის მოსწავლე  გოგონები უკვე  საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ სახელმწიფო დაფინანსებით.

როგორც კათედრის ხელმძღვანელი და წამყვანი მასწავლებელი, სალომე გოჩოლეიშვილი ადგილობრივ ქართული ენის მასწავლებლებს ხშირად უწევს მეთოდურ კონსულტაციას და ეხმარება მათ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სახელმწიფო გამოცდებისთვის მომზადების პროცესში. ასევე, ატარებს სახელმწიფო ენის კურსს ადგილობრივი პედაგოგებისთვის.

სალომეს ინიციატივით  ადგილობრივ თემში განხორციელდა ისეთი პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც ორიენტირებული იყო თემში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე. მან ადგილობრივი თემის ჩართულობით განახორციელა პროექტი „ისტ-ის შემსწავლელთა კლუბი“. პროექტის მიზანი იყო  ქვემო არქევანში მცხოვრებ ახალგაზრდებს,  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენებასთან ერთად,  ესწავლათ ელექტრონული მმართველობის საფუძვლები. ეროვნული უმცირესობების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული სალომეს ვიდეო-პროექტი „ჩემი წარმატების გზა“, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის პოპულარიზაციას.