ქეთევან სეფიაშვილი დაიბადა ქ. წნორში. 1993 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე. მუშაობს ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად.
ქეთევანის სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეებს შეაყვაროს ისეთი ურთულესი საგანი, როგორიცაა ფიზიკა, აუხსნას მარტივი და გასაგები ენით, ჩაახედოს ფიზიკურ პროცესებში და გააზრებულად ასწავლოს თითოეული საკითხი, დაანახოს მათი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს ფიზიკისა და STEM სხვა საგნების აქტუალობაზე და პერსპექტიულობაზე, ტექნოლოგიების შექმნასა და გამოყენებაზე.
ქეთევანი თავადაც აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. ის მუდმივად სიახლეების ძიებაშია, სწავლობს და ასწავლის მოსწავლეებსა და კოლეგებს პროგრამებს, რომელსაც იყენებს სასწავლო რესურსების შესაქმნელად. ყოველთვის ცდილობს მისი გაკვეთილები არ იყოს მოსაწყენი. გარდა სასკოლო გაკვეთილებისა ქეთევანი მოსწავლეებს ეხმარება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში. 2021 წელს მისმა ორმა მოსწავლემ GTA მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სიმპოზიუმზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ის ამჟამად ეუფლება მიკროელექტონიკის საფუძვლებს და სამომავლოდ გეგმავს სასკოლო კლუბის შექმნას, რომელშიც მოსწავლეებს შეასწავლის Arduiono მიკროკონტროლერების გამოყენებასა და სხვადასხვა სენსორების მართვას, მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნიან მინი-ხელსაწყოებს, რომელსაც გამოიყენებენ არამხოლოდ ფიზიკაში, არამედ STEM-ის სხვა საგნებში. მოსწავლეები თავად შექმნიან პროექტებს და წარმოდგენენ სხვადასხვა კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმებზე.
ქეთევანი მოსწავლეებს დახმარებას უწევს პროფესიის არჩევაში. მოხარულია, როდესაც მისი მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ ეუფლებიან პროფესიებს, რომელშიც ფიზიკის ცოდნა აუცილებლობას წარმოადგენს, კომპიუტერული ინჟინერია იქნება ეს თუ საინჟინრო ფაკულტეტი ნებისმიერი განხრით.
ქეთევან სეფიაშვილი გარდა პედაგოგიური საქმიანობისა აქტიურად არის ჩართული სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში. გახლავთ 5 გრიფირებული სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნების თანაავტორი, თანამშრომლობს გამომცემლობა „კლიო“-სთან, ამ სახელმძღვანელოებისთვის ქმნის ელექტრონულ სასწავლო რესურსებს – ტრენაჟორებს. ქეთევანის მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელსა თუ მოსწავლეს, როგორც საგაკვეთილო, ისე არასასკოლო სივრცეში.
ქეთევანმა თავისი საქმიანობით და პიროვნული თვისებებით კარგი ავტორიტეტი მოიპოვა კოლეგებში და ასევე დაიმსახურა მოსწავლეების დიდი სიყვარული. ის მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარ, ისე სხვის პროფესიულ ზრდაზე. საკუთარ გამოცდილებას დაუზარელად უზიარებს კოლეგებს სკოლასა თუ სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, მისი სამოქალაქო აქტივობა და მაღალი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე შეძლო აღიარება და დაფასება მოეპოვებინა საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა შორის. მან ფასდაუდებელი დახმარება გაუწია კოლეგებს პანდემიის პირობებში, მასწავლებლებს აწვდიდა მზა ელექტრონულ რესურსებს, რათა ფიზიკის სწავლება უწყვეტ რეჟიმში წარმართულიყო. ქეთევანმა წარმატებით შეძლო ფიზიკის მასწავლებლების ჩართვა ამ მნიშვნელოვან საქმეში და მოახერხა მათი პროფესიული ერთობის ჩამოყალიბება.