ქეთევან მერებაშვილი

ქეთევან მერებაშვილი

ქეთევან მერებაშვილი მუშაობს ქალაქ თბილისის სკოლა-ლიცეუმში „პრომეთე“ გეოგრაფიის მასწავლებლად. წლების განმავლობაში მუშაობდა თიანეთის რაიონში, გეოგრაფიის მასწავლებლისა და დირექტორის პოზიციაზე.

ქეთინო უპირატესობას ანიჭებს პროექტებით სწავლებას და ცდილობს მისი გაკვეთილები სახალისო და საინტერესო იყოს მოსწავლეებისათვის. ხშირად იყენებს განსხვავებულ მიდგომებსა და მეთოდებს სწავლებაში, როგორიცაა: საველე-გასვლითი გაკვეთილები, როლური და სამაგიდო თამაშები. მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით იყენებს ინტერნეტ რესურსებსაც. ის აქტიურად მონაწილეობდა პროექტ „ირმის ნახტომში“. მისმა გაკვეთილმა-„მიტოვებული სოფლების სევდა,“ როგორც საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში.

ქეთინო მერებაშვილის მიერ განხორციელებულ ინიციატივებს შორის გამორჩეულია პროექტი: „საზღვრებს გარეთ დარჩენილი სამშობლო“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ძირძველი ისტორიული ტერიტორიები: ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირი და „საინგილო“ მოანახულებინა. ამჟამად მოსწავლეებთან ერთად მუშაობს პროექტზე „ფერეიდანში გველიან“, რომლის ფარგლებში, ფერეიდანში მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნეს ქართული წიგნები და დაგეგმეს შემეცნებითი ტური.

ქეთინო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობს სკოლის ეკოკლუბს და საზაფხულო ბანკ „სამშობლოს“. ასევე ინიციატივის, „ახალგაზრდული ევროპული კავშირი, ფარგლებში მოსწავლეებს აცნობს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს.

კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიულ განვითარებაში დახმარებისათვის ის აქტიურად მონაწილეობს პედაგოგთა ეროვნულ კონფერენციებში. ასევე, 2011 წლიდან სკოლა „პრომეთეს“ სკოლის თვითშეფასების კომისიის თავჯდომარე და სქემაში ჩართული პედაგოგების შეფასების ჯგუფის წევრია.

ქეთინო მერებაშვილის პედაგოგიური პრაქტიკა და მისი სამოქალაქო აქტივობა არის მაგალითი წარმატებული პედაგოგისა და ეს მაგალითი ყველაზე მეტად „გადამდებია“ მისი მოსწავლეებისათვის, აირჩიონ პედაგოგის პროფესია.

ბიოგრაფია

ქეთინო მერებაშვილი დაიბადა 1963 წლის 2 დეკემბერს, თიანეთის რაიონის სოფელ ორხევში. 1979 წელს დაამთავრა დაბა სიონის საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო თიანეთის რაიონის სოფ. ხევსურთსოფელში გეოგრაფიის მასწავლებლად, 1990-93 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონის ს.ბოჭორმის მასწავლებლად და დირექტორად, 1993-2000 წლებში თიანეთის რაიონის სოფ. ღულელების სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და სკოლის დირექტორად. ქეთევანი 2000 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო სკოლა “ლამპარში“ გეოგრაფიის მასწავლებლად. 2011 წლიდან სამუშაოდ გადავიდა სკოლა “პრომეთეში“ , სადაც დღემდე მუშაობს. მონაწილეობდა პროექტ „ირმის ნახტომში“. მიღებული აქვს განათლების სამინისტროს „წარმატებული მასწავლებლის“ ნიშანი. ქეთინო მერებაშვილი 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრია. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.