Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნუგზარ სადიკოვი

ნუგზარ სადიკოვი

ნუგზარ სადიკოვი  55-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და X კლასის დამრიგებელია. საგნის პოპულარიზებისა და მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის მიზნით დააფუძნა კლუბი „მე-მოქალაქე“.

ნუგზარის სწავლების  მიზანია, მოსწავლეები აღზარდოს თავისუფალ, კრიტიკულად მოაზროვნე, ემპათიურ ადამიანებად, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, შეუძლიათ არგუმენტირებულად მსჯელობა, აღიარებენ კანონის უზენაესობას, იცნობენ საკუთარ უფლებებს და ამავდროულად, გააზრებული აქვთ მოვალეობები და ვალდებულებები ქვეყნის წინაშე. ის თვლის, რომ ღირებულებითი სწავლება მოიაზრებს მდგრადი განვითარების მიზნების გააზრებას და მათ მიღწევაში წვლილის შეტანას. ნუგზარის პრაქტიკაში, ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არაფორმალურ განათლებას. მისი დაფუძნებული კლუბის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საქველმოქმედო, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, აქტივობები, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უწევს პოპულარიზაციას და მიმართულია ბულინგის წინააღმდეგ. სადაც ქმნიან სასწავლო რესურსებს და უზიარებენ საზოგადოებას. ნუგზარი ცდილობს, რომ განხორციელებული აქტივობები იყოს მრავალფეროვანი: კონფერენციები, როლური თამაშები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, პრეზენტაციები, დებატები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრები, გაკვეთილები მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, პოსტერების, ბროშურების, ვიდეორგოლების დამზადება, გასვლითი გაკვეთილები პოლიციის აკადემიაში, კრიმინალისტურ ლაბორატორიაში, უზენაეს სასამართლოში და სხვა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით კი მეტად სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესს. დისტანციური სწავლების პერიოდში გააძლიერა მუშაობა მედიაწიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მრავალფეროვანი სამუშაო პროცესით ის  მოსწავლეებს აჩვევს როგორც დამოუკიდებლად, ისე წყვილებში და გუნდურად მუშაობას.

ნუგზარი თვლის, რომ აკადემიური მოსწრების ხარისხი დამოკიდებულია საგაკვეთილო პროცესზე. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის დროს თავს უნდა გრძნობდნენ  კომფორტულად, არ უნდა ჰქონდეთ შიში, უნდა გრძნობდნენ მხარდაჭერას. სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ნუგზარ სადიკოვი ჩაერთო პროექტში „გავიღიმოთ“, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით. როგორც კოლეგები აღნიშნავენ, ნუგზარის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და უნარები, ეხმარება მოსწავლეებს სხვა საგნებშიც გამოიჩინონ თავი; ყოფილი მოსწავლეები და მშობლები მადლიერებას გამოხატავენ,  რადგან თვლიან, რომ სამოქალაქო განათლება სხვადასხვა პროფესიაში წარმატების მიღწევაში და საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარათ. EPRS ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“  ნუგზარის ბევრმა მოსწავლემ მიაღწია წარმატებას, ივნისში კი – აღნიშნული პროექტის გამარჯვებულები გახდნენ.

სამოქალაქო განათლება ბევრ სკოლაში, სამწუხაროდ, მშობლებისთვის არ ითვლება „ძირითად“ საგნად და მასწავლებლებისთვისაც საათების შემავსებელ საგნად იქცა. ნუგზარის  მასწავლებლობის მთავარი მიღწევა არის ის, რომ მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის  სამოქალაქო განათლების გაკვეთილების მნიშვნელობა გახდა თვალნათელი. თავიდანვე,   ზრუნავდა, მოსწავლეებს მიღებული ცოდნის საჭიროება დაენახათ რეალურ ცხოვრებაში და ამაში მას დაეხმარა პროექტი „სამართლებრივი კულტურა“, რომელიც განხორციელდა PH International-ის  მიერ. ნუგზარი  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აქტიური წევრია.

ნუგზარის  დიდ ოჯახს – მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები, ყოფილი მოსწავლეები –  აქვს ბევრი ტრადიცია, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ისინი ყოველწლიურად სთავაზობენ საზოგადოებას ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების გაღრმავებაზე, ქველმოქმედებასა და მოხალისეობაზე.