ნინო ჭიჭინაძე პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელია 2010 წლიდან. 2015 წელს მოიპოვა განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი. პარალელურად, მუშაობდა თბილისის N99 საჯარო სკოლაში, შემდგომ სერვანტესის გიმნაზია ,,AIA-GESS“-ში. 2016 წელს ნინო დაუბრუნდა პროექტს და დღემდე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში, დაწყებითი კლასის პედაგოგად.
ნინოს პედაგოგოგიური პრაქტიკის საფუძველი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაა, რომელშიც მოსწავლე თავისუფლად გრძნობს თავს, იაზრებს სწავლის მიზანსა და მისაღწევ შედეგებს, არ ეშინია შეცდომის დაშვების, იცის წესები და იცავს მათ. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებით ნინო თავდაუზოგავად ცდილობს თითოეულ ბავშვს მისცეს მაქსიმალური ჩართულობისა და განვითარების საშუალება. ინტეგრირებული სწავლების მეთოდის გამოყენებით ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის ტრანსფერში. ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალური განათლების დანერგვას. ხშირად მიმართავს თანამშრომლობით და კეთებით სწავლებას, გეგმავს და ახორციელებს სასწავლო პროექტებს, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ასაკის მოსწავლე, რითიც ხელს უწყობს ურთიერთსწავლებას.
ნინოს მოსწავლეებს აქვთ სწავლის მაღალი შედეგები და ფლობენ გამჭოლ კომპეტენციებს. მისი მუშაობის მონაპოვარია, რომ IV კლასის მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ იმუშაონ ტექნოლოგიებთან, სხვადასხვა გზით მოიძიონ და გააანალიზონ ინფორმაცია, შექმნან რესურსები, თავდაჯერებულად წარდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე და გამოავლინონ საკუთარი შესძლებლობები და ინდივიდუალიზმი როგორც ფორმალურ, ასევე არა ფორმალურ აქტივობებში მონაწილეობის გზით.
ნინო მიზანმიმართულად ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას მასწავლებელთა კომპეტენციების ზრდაში, ზრუნავს კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, უწევს მათ კონსულტაციას და გეგმავს სამუშაო შეხვედრებს. მესტიის მუნიციპლიტეტის ადგილმდეობარეობისა და კლიმატური პირობების გამო, პედაგოგებს უჭირთ სემინარებზე, კონფერენციებსა და ტრენინგებზე სიარული, შესაბამისად ნაკლებად ეცნობიან სიახლეებს, რაც აფერხებს მათ პროფესიულ და კარიერულ წინსვლას. პრობლემის მოსაგვარებლად ნინოს ინიციატივით ყოველწლიურად იმართება რაიონული კონფერენცია ,,განვავითაროთ ერთმანეთი“, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს გაეცნონ საუკეთესო მეთოდებსა და ახალ მიდგომებს, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი პრაქტიკა, ცოდნა და გამოცდილება. ნინო გამოცდილებას დაუღალავად უზიარებს სხვებს, აქვეყნებს სტატიებს, სადაც მის მიერ ჩატარებული პროექტის ან ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმებია წარმოდგენილი. აგრეთვე კოლეგებს უზიარებს ელექტრონულ რესურსებს, რომელთა შექმნაში ხშირად მოსწავლეებიც მონაწილეობენ.
ნინო, როგორც აქტიური მოქალაქე ზრუნავს სკოლასა და თემში პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთერთობების დამკვიდრებაზე. რეგულარულად იღებს მონაწილოებას სხვადასხვა საგრანტო პროექტებში და დამოუკიდებლადაც ეძებს სპონსორებს სასკოლო გარემოს გასაუმჯობესებლად. ის მოხალისეობრივად გეგმავს და უძღვება რაიონულ კონფერენციებს, ასევე კონკურსებს მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, რომელშიც ჩართულია მუნიციპალიტეტის სკოლათა უმრავლესობა, ბოლო წლის მონაცემებით სამასამდე ბავშვი. აღნიშნულ აქტივობებს განსაკუთრებით მაღალი ინტერესი, ჩართულობა და დადებითი გამოხმაურება აქვს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, რესურს-ცენტრისა და მერიისგან.
ბიოგრაფია
ნინო ჭიჭინაძე დაიბადა 1988 წლის 11 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში. 2005 წელს დაასრულა სორის საჯარო სკოლა. 2006-2010 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და მეცნიერებების ფაკულტეტზე, სპეციალობით დაწყებითი განათლება. 2010-2013 წლებში მუშაობდა პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ კონსუტანტ-მასწავლებლად მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იელში. 2013-2015 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა, განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა. 2013-2015 წლებში მუშაობდა, სსიპ თბილისის N99 საჯარო სკოლაში. 2015-2016 წლებში ასწავლიდა სერვანტესის გიმნაზია აია- GESS-ში. 2016 წლიდან დაბრუნდა, პროგრამასა და სოფელ იელში. დღემდე მოღვაწეობს სვანეთში და ახორციელებს არაერთ საგანმანათლებლო კონკურსს და კონფერენციას, სადაც ჩართულია მუნიციპალიტეტის მრავალი სკოლა. 2018 წელს, გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს, საუკეთესო ათეულის წევრი.