ნესტან ხორხომელიძე

ნესტან ხორხომელიძე

შუაფხოს საჯარო სკოლაში, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, 2009 წლიდან ასწავლის  გეოგრაფიას.   უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მაღალმთიანი, დაცლის საშიშროების წინაშე მდგარი  სოფლის სკოლაში  გადაწყვიტა წასვლა და ბავშვებისთვის საკუთარი ცოდნის გაზიარება. მისმა ახალგაზრდულმა შემართებამ და ენთუზიაზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შუაფხოს სკოლის განვითარებაში და რადგან სკოლა ერთადერთი აქტიური და განვითარების ფუნქციის მატარებელი სივრცეა  სოფელში.

ნესტანის  პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება სწორ, ნდობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას. 

მთავარ მიღწევად მოსწავლეებთან და  სასკოლო საზოგადოებასთან საქმეზე ორიენტირებულ და აქტიურ თანამშრომლობას, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, მათ ჩართვას არაფორმალური განათლების აქტივობებში და საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას მიიჩნევს.

მისი მთავარი საზრუნავია, შეძლოს თანამედროვე,  ინოვაციური და მრავალფეროვანი მეთოდებით სწავლება. ცდილობს, დაგეგმოს და მრავალფეროვანი მეთოდებით განახორციელოს სხვადასხვა აქტივობები, რომელიც მთლიანად იქნება მორგებული მოსწავლეთა საჭიროებებს, ინტერესებს და შესაძლებლობებს.  პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირად იყენებს სწავლების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა პრობლემაზე ორიენტირებული, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. დიდ ყურადღებას უთმობს არაფორმალურ განათლებას. ფორმალური თუ არაფორმალური გზით,  აქტიურად ეწევა  მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზებასა და დანერგვას სასკოლო საზოგადოებაში.

ამაყობს, რომ მისი მოსწავლეები   ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგამოცდო საგნად ირჩევენ გეოგრაფიას და კარგ შედეგებს აჩვენებენ. ასევე თავიანთ მომავალ პროფესიებს სწორედ ამ საგანს უკავშირებენ.

  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისთვის ხშირად ატარებს სამუშაო შეხვედრებს,  რომლის ფარგლებშიც სასკოლო საზოგადოებას აცნობს  და ნერგავს განათლების სისტემაში მიმდინარე ინოვაციებს,  საგნის პოპულარიზებისთვის გეგმავს პროექტებს, რომელშიც, სკოლასა და თემთან ერთად,  რთავს „ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისა“ და „არაგვის დაცული ლანდშაფტის“ თანამშრომლებს.    ხელმძღვანელობს სკოლაში  ეკო კლუბს, ხშირად ატარებს დასუფთავების აქციებს, ახორციელებს გარემოსდაცვით პროექტებს, აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობს ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამასთან.

სკოლისა და თემის ცხოვრებაში ჩართულობას, მათი საჭიროებების დადგენას, პრობლემის იდენტიფიკაციას და  ინტერვენციების დაგეგმვას თავის,  როგორც პროგრამა „ ასწავლე საქართველოსთვის“  მასწავლებლის, პირდაპირ   მოვალეობად მიიჩნევს. შესაბამისად, ხშირად თავად გეგმავს ან  მონაწილეობს  სხვადასხვა აქტივობებში.

სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში-ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის   თანამშრომლობის გაძლიერება ადგილობრივ თემთან.  

  ფშავში ნესტანი დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს, განსაკუთრებით  მოსწავლეების მხრიდან. საკუთარ თავისუფალ დროს ხშირად მოსწავლეებთან ერთად ატარებს, მათი მეგობარია და მუდამ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.