ნათია ფურცელაძე დაიბადა 1987 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბაღდათში. დაამთავრა ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა. 2010 წელს მიენიჭა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის (თსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მაგისტრის წოდება. იყო აქტიური სტუდენტი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. პარალელურად, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2010 წლიდან მუშაობს კერძო სკოლაში „ქორალი“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2012 წლიდან არის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
თავისი პედაგოგიური საქმიანობის ფარგლებში იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ბავშვებს შეაყვაროს ლიტერატურა, გაუღვივოს კრიტიკული აზროვნება და აზიაროს კაცთმოყვარეობის ღირებულებებს. ამ მიზნით სკოლის ბაზაზე შექმნა კლუბი „წიგნიერი“ რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად ტარდება შეხვედრები მოსწავლეთათვის საინტერესო სტუმრებთან, ლიტერატურული განხილვები და თეატრალიზებული წარმოდგენები. მოსწავლეთა ჩართულობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, ნათიას თითოეულ მოსწავლესთან აქვს ინდივიდუალური მიდგომა, იცნობს მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. ამისათვის ის ხშირად ატარებს გამოკითხვებს და მიღებული შედეგების საფუძველზე ცდილობს პროგრამის მოსწავლეზე მორგებას და სწავლის პროცესის ნაყოფიერების გაზრდას. აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან და რთავს მათ სხვადასხვა აქტივობებში.
აღსანიშნავია, რომ პიროვნული თვისებებითა და თავდაუზოგავი პროფესიული საქმიანობით, იგი გამორჩეული როლური მოდელია, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე კოლეგებისა და მშობელთათვის. ნათია აქტიურად ერთვება და, ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობს, სკოლაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ აქტივობებში და ყოველთვის მხარში უდგას კოლეგებს.
პარალელურად ჩაბმულია სამეცნიერო კვლევებში და დაკავებულია მთარგნელობითი საქმიანობით. 2016 წელს გამომცემლობამ „არტანუჯი“ გამოსცა მისი თარგმანი – „გრიგოლ რობაქიძის წერილები სტეფან ცვაიგს“.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.