ნანა მგალობლიშვილი 33 წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში ასწავლის, ამჟამად სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და არაფორმალური განათლების კოორდინატორია. დაამთავრა პედაგოგიური უნივერსიტეტი და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა. არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული.
ღირებულებები, რომლებსაც ნანა მგალობლიშვილის პედაგოგიური პრაქტიკა ეყრდნობა: ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბება, თანასწორობის პრინციპების პატივისცემა, მოსწავლის კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან ერთად, მისი პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება. მისი სასწავლო პრაქტიკა, მეთოდები მოსწავლეზე არის ორიენტირებული. სწავლების „დიალოგური მეთოდის“ გამოყენებამ მოსწავლე აქცია განვითარების სუბიექტად. იყენებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს, სიმულაციებსა და როლურ თამაშებს.
ფიქრობს, რომ დღეს საგნის სწავლების მიზანია არა მხატვრული ტექსტებისა და ლიტერატურის თეორიის დაზეპირება, არამედ ტექსტის აღქმა და გააზრება სოციო-კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში, რაც მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნების უნარს უყალიბებს. ამ მიზნით იყენებს ფილმებს, სატელევიზიო გადაცემებს, ვიდეოლექციებს და სხვა ტიპის მედიატექსტებს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მედიიდან მომდინარე ნედლი მასალის კრიტიკული ანალიზი და ინტერპრეტაცია.
მისი მოსწავლეები რეგიონში ლიდერის პოზიციას არ თმობენ ეროვნულ გამოცდებზე, ასევე სხვადასხვა კონკურსსა თუ საგნობრივ ოლიმპიადაზე ყოველთვის აღწევენ წარმატებებს. ლიტერატურულ კონკურსებში: „ზღვაური“, „ამირანი“, „სიკეთის ხე“ – მოსწავლეები ლაურეატები და ფინალისტები გახდნენ.
მის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდული გაზეთის რედაქტორები დღეს ჟურნალისტიკის სფეროში წარმატებით საქმიანობენ, სამი მათგანი დღეს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხს იცავს. მისი მოსწავლეების ინტერვიუები გურამ დოჩანაშვილთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, თემურ ბაბლუანთან, გოდერძი ჩოხელთან, გოგი დოლიძესთან, რეზო ჭეიშვილთან, ვახტანგ ჯავახაძესთან თავის დროზე სხვადასხვა გაზეთში დაიბეჭდა. ეამაყება, რომ რეზო ჭეიშვილის ბიოგრაფიულ რომანსა და ვახტანგ ჯავახაძის წიგნში „გალაკტიონის გარეშე“ ნანა მასწავლებლისა და მოსწავლეების საქმიანობის შესახებ დაიწერა.
მის მიერ გამოყენებულმა ეფექტურმა სასწავლო სტრატეგიებმა, ინტერაქციულმა სტილმა, პროექტებმა, ფილმების, მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციამ, რომლებშიც მასწავლებლის როლია წარმოჩენილი, გაზარდა პედაგოგობის მსურველთა რიცხვი. ისინი უბრუნდებიან მუნიციპალიტეტს და თანამშრომლობენ ყოფილ მასწავლებელთან, ერთად ქმნიან საგანმანათლებლო რესურსებს, ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ, თანამშრომლობენ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სკოლასთან. შემოქმედებითი სახელოსნოს აქტივობები, თავისუფალი გაკვეთილები, შეხვედრები მწერლებთან, რეჟისორებთან, კრიტიკოსებთან, კინოცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტი – კინო სკოლაში, წიგნის კვირეულები და ლიტერატურული პროექტები არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლებითაც ცდილობს, საგნის სწავლების აუცილებლობა გაათავისებინოს მოსწავლეებს.
სათემო და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა ფონდთან და მათი მხარდაჭერით არაერთი პროექტი და სოციალური აქტივობა განახორციელა. არის საგანმანათლებლო პროექტების ინიციატორი – „ოკუპაციის 100 წელი“ (კონფერენცია და შეხვედრა ისტორიკოსთან), „ხელი გამიშვი, დედა“ (დებატები და შეხვედრა ფსიქოლოგთან), „საათზე ქალის დრო ტრიალებს“ (შეხვედრა მუნიციპალიტეტის ლიდერ ქალებთან) და ა.შ.
თანამშრომლობს რეგიონულ მედიასთან, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებსა და ადგილობრივ მუზეუმებთან, რომლებიც მის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად საჭირო სივრცეს ყოველთვის უთმობენ.
ნანა არის აქტიური მოქალაქე, იყო ორგანიზატორი პროდასავლური, ანტისაოკუპაციო და უკრაინის მხარდამჭერი აქციებისა. როგორც საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა გამართა არაერთი საქველმოქმედო საღამო, შემოსული თანხით კი სსსმ პირებსა და ხანდაზმულებს დაეხმარა.