Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ნადია დაბრუნდაშვილი

ნადია დაბრუნდაშვილი

ნადია დაბრუნდაშვილი ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის  მათემატიკის მასწავლებელია.  ნადიას მოპოვებული აქვს  „საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის“  წოდება. ის არის eTwinningPlus პროგრამის ტრენერი და ამბასადორი, ხოლო  მიმდინარე წელს მიენიჭა eTwinning European Ambassador  სტატუსი. მიღებული აქვს  Mie Trainer- Microsoft-ის ინოვატორი მასწავლებელი-ტრენერის  სტატუსიც. ნადია მუშაობდა როგორც მასწავლებელთა გარე დაკვირვების ჯგუფის წევრი და ხელმძღვანელობდა  მათემატიკის კათედრას, მუშაობდა STEM ტრენინგების ფასილიტატორად. ამჟამად არის  მასწავლებელთა ფასილიტატორი.

ნადიასთვის მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლების პროცესში განხორციელებული მრავალფეროვანი პროექტებისა  და აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს მოსწავლეების  პასუხსმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რომლებსაც გააზრებული აქვთ  დემოკრატიის მნიშვნელობა, ადამიანის უფლებები და განსხვავებულობისადმი პატივისცემა.

ნადია წარმატებით იყენებს პროექტულ სწავლებას ვინაიდან მიიჩნევს, რომ პროექტების განხორციელებისას მოსწავლეებს უვითარდებათ გამჭოლი კომპეტენციები, სწავლობენ რა გუნდში მუშაობას,  თავის დამკვიდრებას და საერთო საქმეში საკუთარი პოზიტიური წვლილის შეტანას. ნადია პრაქტიკაში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და რესურსებს, მოსწავლეებისთვის ატარებს Skype გაკვეთილებს  უცხოელ თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად,  ასევე იყენებს Kahoot ტესტირებებს,  Minecraft  მათემატიკის სასწავლო თამაშებსა და  3D Classroom-ის პროგრამას,  რომელიც საჩურად მიიღო Microsoft კომპანიისგან  მოსწავლეებთან ტექნოლოგიების წარმატებით გამოყენებისათვის. აღნიშნული მეთოდების გამოყენება ზრდის მოსწავლეების  მოტივაციასა და ჩართულობას, ეხმარება მათ ახალი ცოდნის შეძენასა და გამოყენებაში.

ნადიას მოსწავლეები  გარდა აკადემიური მიღწევიბისა გამოირჩევიან   პროექტებსა და კონკურსებში წარმატებული მონაწილეობით. ნადიასა და მისი მოსწავლეების მიღწევებს შორის  უნდა  აღინიშნოს პროექტი “სიმეტრია-სამყაროს ჰარმონია”, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში „Intel პროექტის საუკეთესო პორტფოლიო-2015“, წარდგენილ იქნა  Microsoft-ის გლობალურ ფორუმზე  ბუდაპეშტში, კონტაქტურ სემინარებზე ვარშავასა და პრაღაში.  ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს Minecraft მათემატიკის სასწავლო თამაშები, რომლებიც წარადგინეს თბილისში-STEM-ექსპო კონფერენციაზე.

ნადია აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და  უცხოელ კოლეგებთან პროფესიის განვითარებისა და  პოპულარიზაციის მიზნით. ატარებს  სამოდელო გაკვეთილებსა და ტრენინგებს, ქმნის ელექტრონულ სასწავლო რესურსებს.მენტორის რანგში  უძღვება  ქართველი და უცხოელი სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას. ნადია მონაწილეობდა 20-მდე  კონფერენციაში, გამოცდილების გაზიარების მიზნით  მიწვეული იყო  ლონდონში-2018 წელს, ხოლო მისი მოხსენებები გამოქვეყნებულია სტატიების სახით საგანმანათლებლო  ჟურნალებში.

მიმდინარე წელს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ეგიდით და ნადიას ხელმძღვანელობით სკოლაში დაიგეგმა და  წარატებით განხორციელდა 12 სოციალური პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე დაყრდნობით. ნადიას მიერ ეკოლოგიასა და ბულინგის თემაზე მოსწავლეებთან განხორციელებულმა  პროექტებმა გამოკითხვის თანახმად მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მოახდინა მოსწავლეებისა  და ადგილობრივი თემის  ცნობიერების ამაღლებაზე.

ბიოგრაფია

ნადია დაბრუნდაშვილი დაიბადა 1966 წლის 19 იანვარს, ქარელის რაიონის სოფელ ბერძენაულში. 1983 წელს დაამთავრა სოფ. აბისის საშუალო სკოლა და გახდა თსუ კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დაამთავრა 1988 წელს. 1988-1991 წლებში მუშაობდა სოფ. აბანოს და სოფ. აბისის სკოლებში. 1991 წლიდან დღემდე მუშაობს ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად. 2011 წელს მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის წოდება. 2015 წლიდან არის Microsoft-ის ექსპერტ მასწავლებელი და eTwinning პროგრამის ტრენერი და ამბასადორი. მონაწილეობდა Microsoft-ის გლობალურ ფორუმში. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუკეთესო ათეულის წევრი.