მიხეილ ლაბარტყავა

მიხეილ ლაბარტყავა

მიხეილ ლაბარტყავა დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადაში ქიმიის მასწავლებელია. არის ქიმიის დოქტორი, წამყვანი პედაგოგი. ასწავლის ქიმიას VIII-XI კლასებში. 1967 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. თბილისის 23-ე საშუალო სკოლა, 1972 წელს თსუ ქიმიის ფაკულტეტი (წითელი დიპლომი), იყო პ. მელიქიშვილის სახელობის სტიპენდიატი. სწავლის პერიოდში ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობდა, 1971-1974 წლებში იყო ქიმიის ფაკულტეტთან არსებული ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის დირექტორის მოადგილე, ხოლო 1972 წლიდან 1974 წლის ოქტომბრამდე სკოლის დირექტორი. იმავე წელს ჩააბარა თსუ ასპირანტურაში ორგანული ქიმიის სპეციალობით. 1974 წლის ოქტომბრის თვეში სამუშაოს შესასრულებლად გაიგზავნა მოსკოვში, ქიმიური მრეწველობის სამინისტროს ელემენტორგანული ნაერთების ქიმიისა და ტექნოლოგიის  სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1980 წელს. 1978 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან არსებულ ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის რესპუბლიკურ ცენტრში. 1988-1998 წლებში მუშაობდა თსუ ქიმიის ფაკულტეტზე უფროს მეცნიერ თანამშრომლის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობაზე. 1990-2001 წლებში იყო საქართველოს ქიმიური საზოგადოების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „სინთეზის“ გენერალური დირექტორი.  2000 წელს გახლდათ საქართველოს პარლამენტის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მიწვეული ექსპერტი ეკოლოგიისა და ნავთობქიმიის მიმართულებით, USAID-ის ექსპერტი ეკოლოგიისა და ნავთობქიმიის მიმართულებით, სპეციალური სამთავრობო კომისიის ექსპერტი ეკოლოგიისა და ნავთობქიმიის მიმართულებით, 2010-2018 წლებში  უნივერსიტეტ „გეომედში“ ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ასოცირებული პროფესორია დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ).  სხვადასხვა  წლებში მუშაობდა ქ. თბილისის 169-ე, 23-ე, 34-ე, 87-ე სკოლებში. სასკოლო პედაგოგიური სტაჟი 25 წელზე მეტს ითვლის. სკოლაში მუშაობის პარალელურად აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას.

მიხეილ ლაბარტყავა როგორც მკვლევარი მეცნიერი და პედაგოგი თავის პრაქტიკაში ეყრდნობა რეალური პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებულ პროექტებით სწავლებას. გიმნაზიაში შექმნილია კარგად აღჭურვილი ქიმიური ლაბორატორია, რაც შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებმა არამარტო ნახონ, არამედ შეისწავლონ თანამედროვე ქიმიურ ლაბორატორიებში გამოყენებული ნივთიერებების მიღებისა და გასუფთავების მეთოდები და გამოიყენონ მიღებული ცოდნა ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ქიმია X, XI, ბიოლოგია  IX-XI, ფიზიკა –  X-XI კლასები) გამოყოფის, გასუფთავების და შემდგომი შესწავლის მიზნით. მიხეილი თვლის, რომ ამგვარი სწავლება ავითარებს მოსწავლის ინტერესს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დარგის მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ 2000-2002 წლებში მოსწავლეებს აღებული აქვთ საქპატენტის მიერ გაცემული 6 (ექვსი) საავტორო უფლება, სამუშაოები კი ჯერ ისევ გრძელდება…

სკოლაში მისი ინიციატივით  ჩამოყალიბებულია 6 კვლევითი ჯგუფი ქიმიაში (მათ ახალგაზრდა მკვლევრებს უწოდებენ), რომლებიც სისტემატურად მონაწილეობენ  შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურს – „ლეონარდო და ვინჩი“-ში და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსებში. კონკურსებში მონაწილეების წარმატებები თვალსაჩინოა: 2017 – კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ – მთავარი პრიზი (Grand Prize); 2018 – სამეცნიერო ფესტივალი ქ. პიტსბურგში (აშშ) (10-15 მაისი); ერთთვიანი სასწავლო კურსი ლონდონის სამეფო კოლეჯში (გუნდის სამივე წევრი); 2018-2021 კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“-ფინალი (1 სტიპენდიატი 2 წლით); 2018-2019 ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-ფინალური ეტაპი, სან დიეგოს უნივერსიტეტის (თბილისის ფილიალი) სპეციალური პრიზი; 2020-2021 – ნახევარფინალური ეტაპი. 2021 – „ლეონარდო და ვინჩი“ – 1 ადგილი კვლევის მიმართულებით; 2020 – „მე ახალგაზრდა ევროპელი მეცნიერი“ – II ადგილი.

ლაბარტყავა დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა თაობის აღზრდას. ფლობს ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის მეთოდებს: ბმრ (1H, 13C, 15N, 19F, 29Si, 31P ), იწ და  უი-სპექტროსკოპია, მას-სპექტრომეტრია, ქრომატოგრაფიული ანალიზი. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოში შესრულებულია 14 სადოქტორო და 39 საკანდიდატო ნაშრომი ქიმიაში (ბმრ სპექტრული კვლევა). მის მიერ პედაგოგებისთვის შეიქმნა 30 წიგნისაგან შემდგარი სერია – „ქიმიის პედაგოგის ბიბლიოთეკა“ (გამოცემულია 1 წიგნი, კორექტურას გადის 5).  ამზადებს ეკოლოგიური ანალიზის (წყალი, ჰაერი, ნიადაგი) სახელმძღვანელოს, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ქიმიის პედაგოგებისათვის, ისე მათთვის, ვინც ამ საკითხებითაა დაინტერესებული ან სჭირდება ეკოლოგიური ანალიზის  ჩატარება.

თანამედროვე ქიმია დამოუკიდებელი მეცნიერება აღარ არის. ყველა თანამედროვე აღმოჩენა ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ზღვარზეა. სწორედ ამით აიხსნება გიმნაზიის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგების ჩართულობა  „ლეონარდო და ვინჩი“ – სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსებში.

2015 წლის 30 იანვარს  გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონული კონვენციური სამსახურის ადმინისტრაციული შტაბის საქართველოს საქმეთა განყოფილებამ მ. ლაბარტყავა დააჯილდოვა გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციური სამსახურის სერტიფიკატით და მიანიჭა „კონვენციური მწვანე რაინდის“  საპატიო წოდება.