1989 წლიდან დღემდე აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. 2010 წლიდან სერტიფიცირებული მასწავლებელია. 2012 წელს მიენიჭა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საუკეთესო შედეგების მქონე სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი, 2019 წელს – მენტორი მასწავლებლის სტატუსი. 2023 წლიდან ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი და საგნობრივი ექსპერტია.
მარინე კვარაცხელია სასწავლო პროცესს მოსწავლეთა ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით გეგმავს. მის გაკვეთილებზე წახალისებულია მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნება. საკითხები,რომელთა გარშემო მოსწავლეებს უწევთ ფიქრი, მათ ანალიტიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებით, თანამშრომლობის უნარებს უვითარებს. ცდილობს, მოსწავლეები დააინტერესოს კვლევით, აღმოჩენებით სწავლებით. სთავაზობს ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებულ საინტერესო და შემოქმედებით დავალებებს. ხშირად იყენებს კოგნიტურ სქემებს, როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დისკუსიებს, დებატებს, პროექტებით სწავლებას. სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად აქტიურად იყენებს ტექნოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებსა. არაფორმალური განათლება მისი პრაქტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მკითხველთა კლუბში ხშირად განიხილავენ საინტერესო წიგნებს, ფილმებს. აორგანიზებს ინტელექტუალურ თამაშებს, დგამს სპექტაკლებს. მარინე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება, მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესება. მისმა მოსწავლეებმა არაერთგზის მიაღწიეს წარმატებას და გაიმარჯვეს სხვადასხვა კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
მარინე კვარაცხელია ატარებს სკოლის საჭიროების კვლევებს და გამოკითხვის საშუალებით ადგენს პრიორიტეტულ პრობლემებს, ატარებს სამუშაო შეხვედრებს გამოცდილების გაზიარებისა და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა შვიდი რაიონული კონფერენცია, არის საგანმანათლებლო რესურსებისა და სტატიების ავტორი.
მნიშვნელოვანია მისი როლი სასკოლო და ადგილობრივი თემის განვითარების საქმეში. სასკოლო პროექტების საშუალებით ცდილობს, მოსწავლეები აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ასწავლის მათ, როგორ დაიცვან საზოგადოებაში არსებული ღირებულებები, იყვნენ ტოლერანტები, დაიცვან თავიანთი და სხვისი უფლებები. მის მიერ განხორციელებული სასკოლო პროექტებია – „იყავი მედიაწიგნიერი“, „ჩვენ და ვირუსები“, „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“, „კვება და ჯანმრთელობა“, „არა ბულინგს“ და სხვა. ზოგიერთ სასკოლო პროექტში მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ესენია: „ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“, „გაიცანი საქართველო“, „ჯანმრთელობის ფორმულა“ და სხვა. მისი ინიციატივით რამდენჯერმე განხორციელდა თემის დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავების აქცია, რომელშიც, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ჩაერთნენ მოხალისეებიც. თემის ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობით ატარებს ტრადიციულ ლიტერატურულ საღამოებს, რომლებშიც მონაწილეობენ მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები.