Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მარინა ხარიტონაშვილი

მარინა ხარიტონაშვილი

მარინა ხარიტონაშვილი მუშაობს გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ქ.თბილისის გიმნაზია აია-ჯესში. აქვს გეოგრაფიის მაგისტრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში და  ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკაში. აქვს 24 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და ფლობს უცხო ენებს: ინგლისური, პოლონური და რუსული.

მარინა თვლის, რომ არაფორმალური განათლება ეხმარება მასწავლებელს იყოს მოსწავლის უფროსი მეგობარი. ის ყოველთვის თანამშრომლობს მოსწავლეებთან, სასწავლო პროცესს  გეგმავს ისე, რომ ხელი შეუწყოს მოტივაციის ამაღლებას, წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით  ასწავლის სწავლების მეთოდებსა და საშუალებებს კონცეპტუალური ცოდნის ცოდნის ტრანსფერისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

მარინა მოსწავლეებთან ერთად აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებში და ამაყოს მოსწავლეების წარმატებით ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებზე. მისმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ,,National Geography”-ის მენტორის მიერ ორგანიზებულ კონკურსში და გაიმარჯვეს. ასევე, მჭიდრო კავშირი დაამყარეს მაროკოს, იაპონიის, რუმინეთის, ცენტრალური ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის რეგიონის ქვეყნებთან. ორგანიზება გაუწიეს ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებს: “Global Classroom”, „International Passport“, ,,Friendship bridge”.

ის ასევე  ახორციელებს   პროექტებს  „საქართველოს ღირსშესანიშნაობანი“ და „მეგობრობის ხიდი“. პროექტის „მეგობრობის ხიდი“ მიზანია გეოგრაფიის პოპულარიზაცია. პროექტი გრძელვადიანია და ახალი სასწავლო წლიდან განახლდება. მეორე სოციალური პროექტი – „საქართველოს ღირსშესანიშნაობანი“ დაკავშირებული იყო საქართველოს ღირსშესანიშნაოებების შესწავლასთან. პროექტში არაერთმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის მოთამაშეებს მინიშნებებით გეოგრაფიული ობიექტები უნდა გამოეცნოთ. დაჯილდოების ცერემონიალზე მოსწავლეებისაგან მიღებული უკუკავშირისგან გამოჩნდა, როგორი ინტერესით იყვნენ ჩართულნი კვლევა-ძიების პროცესში.

საგნის სწავლების გარდა, მარინა მოსწავლეებთან ერთად ხშირად გეგმავს და მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტში. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი განახორციელა გაეროს ეგიდით – “World’s Largest Lesson”- N2-მიზანი – „არა შიმშილს“. გამოკვლევა ჩატარდა ბაზრებში, სწრაფი კვების ობიექტებში, კათარზისში და ა.შ. მოსწავლეებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი უსახლკარო და შიმშილის პირას მყოფი ადამიანია, არ არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მალფუჭებადი პროდუქტების  გაჭირვებულ ადრესატამდე მიტანას მათი განადგურების ნაცვლად. იგი ყოველწლიურად ატარებს მაშტაბურ პროექტს – „ბავშვთა დაცვის უფლებებზე“, თანამშრომლობს გაეროს ოფისთან და ყველა ასაკობრივ ჯგუფში ახორციელებს შესაბამის აქტივობებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტეგრირებული პროექტი იყო – „ალქიმია და ხალიბის რკინა“, რომლის მიზანია მოსწავლეებს აჩვენოს ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სამწუხაროდ, ეს პროფესიები დღეს მივიწყებულია და საჭიროებს  აღორძინებას. პროექტის ფარგლებში მოინახულეს ქიმიის მრეწველობისა და მეტალურგიის ყველა ქარხანა.

მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მარინა თანამშრომლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ხელმძღვანელობს სტუდენტების პედაგოგიურ პრაქტიკას.

ჰყავს ორი ქალიშვილი, რომლებიც მისი ცხოვრების განუყრელი მეგობრები და საუკეთესო მრჩეველები არიან.