მანუშაკ მკრტჩიანი

მანუშაკ მკრტჩიანი

15 წელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელია. ბავშვობიდან დაიწყო ქართული ენის დამოუკიდებლად სწავლა, რადგან  უყვარდა და სურდა ყოფილიყო ქართულ ენის მასწავლებელი. ენის შესწავლაში მთავარი დაბრკოლება  და  ხელისშემშლელი ფაქტორი კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. გარემო, სადაც მანუშაკი ცხოვრობდა სომხურ ენაზე საუბრობდა. ეს ერთგვარი სტიმულიც კი აღმოჩნდა დამოუკიდებლად დაეწყო ქართული ენის სწავლა. 

მანუშაკი მთავარ მიღწევად მასწავლებლობას   და სახელმწიფო ენის ცოდნას მიიჩნევს, რომელიც მისთვის წარმატების და წინსვლის გასაღები გახდა. როგორც ქართულ ენის მასწავლებელმა მუშაობა დაიწყო როდიონოვკის საჯარო  სკოლაში. ამ ხნის მანძილზე  ბევრი ქართველი მეგობარი შეიძინა.თვლის, რომ მათი დახმარებით ბევრ წარმატებას მიაღწია. მისი ხასიათის ძლიერი მხარე მიზანდასახულობაა, რაც ხელს უწყობს მრავალი საინტერესო იდეა და გეგმა დასახოს და განახორციელოს. სკოლის შემდეგ მოსწავლეებისთვის სახლში ატარებს უფასო  დამატებით გაკვეთილებს.   იმდენად მოწადინებულია მოსწავლეებს  ქართული ენა შეაყვაროს, რომ მათთან  ერთად ამზადებს ვიზუალურ მასალას,  ერთად იმეორებენ სკოლაში ნასწავლ საკითხებს.   გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი გაკვეთილები უფრო ეფექტიანია და ხელს უწყობს ენის სწრაფ და ხალისით შესწავლას. ცდილობს, გაკვეთილები მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი არ იყოს, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მისი გაკვეთილები ყოველთვის საინტერესო და დინამიკურია. მისი მოსწავლეები  ჩართულები არიან იმ რესურსების მომზადებაში, რომელსაც მანუშაკი ეფექტიანად იყენებს სწავლების დროს. მსგავს პროცესში მოსწავლეების ჩართულობა ნასწავლი მასალის გამეორების საშუალებას იძლევა, რაც ცოდნის გამყარების კარგი საშუალებაა და ახალი ცოდნის მისაღებად ამზადებს მოსწავლეებს. ცდილობს, ისეთი აქტივობები შეარჩიოს,  ისეთი რესურსები შექმნას, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისთვის, პრობლემების სწორად აღქმისა და გადაჭრისთვის, კომუნიკაციისთვის და ინტეგრაციისთვის  საჭირო უნარებს ჩამოუყალიბებს. 

მანუშაკი ცოდნას და გამოცდილებას ყოველთვის უზიარებს კოლეგებს, ერთად განიხილავენ სირთულეებს, სახავენ პრობლემების გადაჭრის გზებს,  საუბრობენ მიგნებებზე, ახალ, საინტერესო გამოცდილებებზე. მისი მიზანი სომეხი და ქართველი ბავშვების დაახლოებაა. თვლის, რომ ეს  მათ შორის კომუნიკაციას შეუწყობს ხელს და სახელმწიფო ენის შესწავლას  წაახალისებს.

მანუშაკს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და სურს, ისინი სრულყოფილად ფლობდნენ ქართულ ენას, რადგან სახელმწიფო ენის ცოდნა   აუცილებელია კომუნიკაციისა და ინტეგრაციისთვის.   დარწმუნებულია, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა  ყველა მისი ოცნების ასრულებას შეუწყობს ხელს.