Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მაია მენაბდე

მაია მენაბდე

მაია მენაბდე ასწავლის ბათუმის N3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა ,,განათლებაში“. მისი მოღვაწეობის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპია: მეტი თავისუფლება და პასუხისმგებლობა ბავშვებს,  რადგან ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს, რომ თავისუფლებას დამსახურება უნდა და მისი მოპოვების შემდეგ პასუხისმგებლობაც იზრდება.

მაია თვლის, რომ ბავშვის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია სამი რამ: სჯეროდეს, რომ უფროსები მის აზრს ნებისმიერ სიტუაციაში მოისმენენ და  გაითვალისწინებენ; არ ეშინოდეს შეცდომის დაშვების და სწორედ უფროსების დახმარებით უნდა შეძლოს, ეს შეცდომა პიროვნული ზრდისთვის გამოიყენოს; მაქსიმალურად მიეცეს საშუალება, გამოავლინოს და განავითაროს თავისი ფანტაზია.

სწორედ ამ სამი პრინციპით ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რომ მაიას მოსწავლეები არ არიან ჩაკეტილი მხოლოდ საკლასო გარემოში და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, გაიფართოვონ ინტერესის სფერო. კლუბსაც თვითონ ხელმღვანელობენ, ხშირად თავადვე იფიქრებენ ისეთ პროექტებს, რომლებშიც სხვა სკოლის ბავშვებსაც შეეძლებათ ჩართვა. ასეთი იყო სწორედ მათ მიერ მოფიქრებული  “ლიტერატურული ბანაკები“, მონოლოგების კონკურსი ,,8 წუთი – 8 ამბავი“. სწორედ ამ ტენდენციის გამო უკვე სკოლადამთავრებულებიც ცდილობენ, ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

მაია მენაბდე თვლის, რომ მასწავლებლობა ყველაზე შემოქმედებითი, არარუტინული და მუდმივად განვითარებადი პროფესიაა და სწორედ ამიტომ ცდილობს სხვადასხვა კონკურსში, გადაცემებსა თუ საინტერესო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. სტატიებით მაქსიმალურად ცდილობს, გაუზიაროს და აჩვენოს სხვებს თავისი პედაგოგიური გამოცდილება. 2017 წლიდან არის ჟურნალის ,,მასწავლებელი“  და ინტერნეტგაზეთის  „მასწავლებელი.გე“  ავტორი. ასევე,  2019 წელს გრიფირებული მე-7 კლასის  ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი. კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება როგორც  ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი.

მაია თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლე-მასწავლებლები თავიანთი საქმიანობით გახდნენ მაგალითისა და სტიმულის მიმცემი სხვებისთვის. ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს მოსწავლეების ინიციატივით დაარსებულ ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბს“ , რომლის გამოცდილება და საქმიანობა ბევრი სხვა კლუბის დაარსების წინაპირობა გახდა.