ლამარა ბოლქვაძე დაიბადა და სკოლა დაამთავრა ხულოს რაიონის სოფელ კორტოხში. 1991 წელს ჩაირიცხა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში და დაამთავრა ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წელს მუშაობა დაიწყო კორტოხის საჯარო სკოლაში, ხოლო 1995-2003 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავრის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლაში. 2015 წელს მუშაობა დაიწყო კასუმლოს სკოლაშიც და ამჟამად ორ სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2011 წელს გახდა სერტიფიცირებული მასწავლებელი, 2019 წელს მოიპოვა წამყვანის სტატუსი.
ლამარას პედაგოგიური პრაქტიკის ძირითადი პრინციპია თითოეული მოსწავლის ინდივიდად, პიროვნებად აღქმა და მათზე განსაკუთრებული მზრუნველობა საკუთარი შესაძლებლობების საკლასო სივრცეში რეალიზებისთვის. პრაქტიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს მოსწავლეთა გამოცდილების, ეკონომიკური სტატუსი, კულტურული თუ სოციალური გარემო, სხვადასხვა თემისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, გათვალისწინება. შესაბამისად, გაკვეთილზე ძირითადი ასპარეზი კითხვების დასმას, პასუხების მოძიებას, საკუთარი მოსაზრებების, დამოკიდებულებების თავისუფლად გამოთქმა – გაზიარებას ეთმობა.
მისი თაოსნობით კასუმლოსა და მარადისის სკოლების მოსწავლეები გახდნენ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ფერმერთა ასოციაციის რჩეული, ასევე სხვადასხვა კონკურსის და პროექტის გამარჯვებულები, მათ შორის: ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია, მომავლის ფერმერის, ახალგაზრდული იდეის, დეკორატიული მცენარეების ასოციაციის, პროექტის ახალგაზრდული იდეები, რუსთავის ინოვაციური ჰაბის, ფონდ ,,ტასოს“, ევროპის ფონდის, ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობის“ მიერ ორგანიზებული კონკურსები. მოსწავლეებს აქვთ სათბური და საკუთარი ბიუჯეტი. ორივე სკოლის მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტებში.
ლამარას პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ ფაქტორად პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან თანამშრომლობა მიაჩნია, როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ გარემოში.
ლამარა იყო პირველი სერტიფიცირებული მასწავლებელი სკოლაში. ის იყო ფასილიტატორი და მასწავლებელთა წინსვლისათვის გახსნა პროფესიული უნარების შემსწავლელი კურსი, გადაამზადა მარადისისა და ახლომდებარე სკოლების მასწავლებლები. მასწავლებლებს ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. თითოეულმა მათგანმა ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა.
მან მოსწავლეებთან ერთად გახსნა დებატების, მკითხველთა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და გარემოს დაცვის კლუბები, რომელთა ხელმძღვანელებლად მოიწვია სტუდენტები. სოფელში დაფუძნებულ კინო კლუბში ფილმების ჩვენებას სიამოვნებით ესწრებიან სოფლად მცხოვრები ქალები და დებატებშიც ერთვებიან.
ლამარა ბოლქვაძე და მისი მოსწავლეები, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების მიზნით, ეხმარებიან მათ სხვადასხვა ორგანიზაციასთან დაკავშირებაში, საგრანტო განაცხადების შევსებაში, ახალისებენ თემის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
საწყობის ტიპის, უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში ლამარა ბოლქვაძემ და მოსწავლეებმა გახსნეს ბიბლიოთეკა და სოციალური სივრცე ტრენინგებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც სომეხი ქართველ და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დამეგობრებას შეუწყობს ხელს. ლამარა ბოლქვაძისა და მისი მოსწავლეების თაოსნობით სოფელში სამჯერ ჩატარდა საქველმოქმედო ფესტივალი.