ლალი მარგიანი 2017 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი და პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ კონსულტანტია, რომელმაც, სკოლაში მისვლის დღიდან, საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არა მარტო სოფელში, რაიონსა და რეგიონშიც მიიქცია ყურადღება. 2019 წლის 9 მარტს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ის დააჯილდოვა თვალსაჩინო პედაგოგიური საქმიანობისთვის. მასწავლებლობა 1987 წელს მესტიაში, სოფელ კალაში დაიწყო, ჯერ კიდევ საშუალო განათლებით, როცა სტიქიური უბედურების გამო სვანეთში კადრების დეფიციტი შეიქმნა.
ხოჯორნში მისვლის დღიდან ლალის მიზანია, გააცნოს, შეაყვაროს საქართველო და დაანახოს არაქართველ მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა. თვლის, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში სახელმწიფო ენის სწავლება და ამ პროგრამის არსებობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. უმთავრესი კი მათი ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაცია-კომუნიკაციაა, რომელსაც მრავალრიცხოვანი მეგობრების წყალობით საკმაოდ შედეგიანად ახერხებს. სკოლა დაუმეგობრდა ლახამულას, წეროვნის მე-2, დისველის, ცაგერის საჯარო სკოლებს. პირველად სკოლის ისტორიაში ხოჯორნელი ბავშვები ქართველ ბავშვებთან ერთად საზაფხულო ბანაკებში მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობდნენ. ლალისთვის პრიორიტეტი არაფორმალური განათლებაა, რომლის მეშვეობითაც უკეთ ეცნობა მოსწავლეთა უნარებს. 2018 წელს ნაქირავებ სახლში მოაწყო საზაფხულო სკოლა, რომელმაც ხელი შეუწყო ისეთი უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარებას, როგორიცაა: კომუნიკაცია, თანამშრომლობა და შემოქმედებითი აზროვნება. მოიწვია ხარაგაულელი კოლეგა მოსწავლეებთან ერთად, მუსიკის მასწავლებელი ცაგერიდან – სიმღერის მასტერკლასებისთვის. საზაფხულო სკოლა ,,ვილა ხოჯორნი“ დღემდე საინტერესო აქტივობებს სთავაზობს მოსწავლეებს.
ლალი და მისი მოსწავლეები არიან მრავალი კონკურსისა და პროექტის გამარჯვებულები. არასდროს უშინდება სირთულეებს. მისი მოსწავლეები ჩართული იყვნენ სსემას ქსელურ პროექტებში; ეროვნული ჯილდოს პირველი ხუთეულის წევრის, ეკა წულუკიძის პროექტში ,,ჩემი პირველი მოთხრობა“ (შვიდი ნამუშევარი დაიბეჭდა წიგნში ,,შტრიხების მონოპოლია’’), ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტში – ,,სასკოლო ლიტერატურა“- გაახმოვანეს რამდენიმე ნაწარმოები. ამერიკის საელჩოს კონკურსში, ქართულ ენაზე წიგნების წაკითხვისთვის, ერთმა მოსწავლემ ოქროს სერტიფიკატი მოიპოვა. ლალის დამსახურებით ხოჯორნელი მოსწავლე ჯერ ონლაინკონკურსის ,,სიმღერით სახლში“ და შემდგომ სიმღერის ფესტივალის ,,იმერეთის ხმის“ ლაურეატი და ქართული სიმღერის ფესტივალის ,,სხვა საქართველო სად არის“ მეორე ადგილის მფლობელი და ქვემო ქართლის გუბერნიის რჩეული გახდა. ლალი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს და კოლეგებსაც მათ აქტუალობაზე. მუდმივად სიახლის ძიებაშია, სწავლობს და ასწავლის. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის ინოვაციების ცენტრის ,,რობოსფეისის“ პროექტ-კონკურსში ,,მე ციფრულ სამყაროში“, ზემო სვანეთის მოსწავლეებთან ერთად, მისი მოსწავლეებიც იყვნენ ჩართული. მათ არასათანადო პირობებში შეძლეს, სხვადასხვა ვებინსტრუმენტებთან ერთად, tinkercad-ის საბაზისო კურსის გავლა, შექმნეს რობოტი ,,ხოჯორნომობილი-2021“. 2022 წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარადგინა პროექტი ,,ციფრული წიგნიერება თანამედროვეობის გამოწვევა“, რომელიც 5022 ლარით დაფინანსდა და დააარსა ციფრული კლუბი ,,ხოჯორნელი ვარსკვლავები ციფრულ სამყაროში“, ვებინსტრუმენტების გამოყენების სწავლება საკუთარ მოსწავლეს მიანდო, რომელმაც წინა წელს ,,STEAM სამყარო“-ში გაიარა კურსი. მოწვეული ტრენერის მეშვეობით კი მოსწავლეებმა tinkercad-ის თეორიული ცოდნა Arduino-ს კომპლექტზე პრაქტიკაში გადაიტანეს. კლუბის წევრებმა პარალელურად გაიარეს მეწარმეობის კურსი და მცირე ბეჭდური საწარმოც შექმნეს, სადაც ბეჭდავენ კალენდრებს, სერტიფიკატებს, ფოტოებს და შემოსულ თანხას საჭიროებისამებრ განკარგავენ. ოქტომბრიდან, საქართველოს სხვადასხვა სკოლებთან ერთად, ჩართული არიან ფარის ინოვაციური ცენტრის პროექტში :,,STREAM’’ სამყარო.
ლალი მუდმივად ზრუნავს სხვადასხვა მიმართულებით მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე. გამოირჩევა კოლეგიალობით, მოსწავლეებისადმი სიყვარულით და მათზე ზრუნვით. მან მოიძია სპონსორი და ახლო მომავალში აპირებს მულტიფუნქციური ოთახის მოწყობას, სადაც მოსწავლეები კეთილმოწყობილ გარემოში განახორციელებენ საინტერესო აქტივობებს. ლალი ირგვლივმყოფებისადმი დამოკიდებულებით სხვებისთვის ტოლერანტობის მაგალითია. სომხურ-აზერბაიჯანულ თემში მას პატივს სცემენ და აფასებენ.