კახა გალდავა

კახა გალდავა

კახა გალდავა სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელია. მასწავლებლობის პარალელურად 3 წლის განმავლობაში ასრულებდა ისგ-ის მონიტორინგის ხელმძღვანელის ფუნქციას. იყო შეფასების ჯგუფის წევრი. ამჟამად არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ისტორიის მიმართულებით  და ოთხ რაიონში აქტიურადაა  ჩართული ქოუჩინგის პროცესში. ამასთანავე, არის  ა/ო ტრენერი სამშვიდობო განათლების მიმართულებით, სადაც აფხაზ და ოს პედაგოგებს აცნობს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, რათა მათ პრაქტიკაში ცვლილებები წარმატებით დანერგონ.

სკოლაში მუშაობის პირველივე დღიდან საქმისადმი განსაკუთრებით პასუხისმგებლობიანი და შემეცნებითი დამოკიდებულებით დაიწყო ყველა იმ სტერეოტიპის მსხვრევა, რომელიც მასწავლებელზე არსებობდა. ამბობს, რომ „21 წლის ასაკში 18 წლის მეთორმეტე კლასელები გაოცებული შემომცქეროდნენ. პირველივე დღიდან ვაწარმოებდი დღიურს, სადაც მოსწავლეთა ემოციებს, შეხედულებებსა და აღწერილობასაც კი ვინიშნავდი. მათთან ურთიერთობაში ყოველდღიურად ვსარგებლობდი ამ ჩანაწერებით და დროთა განმავლობაში ვაკვირდებოდი იმ ცვლილებებს, რომლებიც სწავლის ან ქცევის მიმართულებით შეინიშნებოდა. ერთ დღესაც ხელში შემრჩა დოკუმენტი, რომლის წიგნად შეკვრა გადავწყვიტე და „ხმა, რომელიც ჭაობში ჩაიკარგა“ სათაურით უკვე მზად მაქვს გამოსაქვეყნებლად. განსაკუთრებით ახსოვს აქტივობა „ელექტროსადგური“, სადაც ქაოსურ სიტუაციაში თოკებით დახლართულ ოთახში მოსწავლეები გზის გაკვლევას ცდილობდნენ და ეძებდნენ დასახულ მიზანთან მისასვლელ გზებს. ამგვარად, გააცნობიერა, რაოდენ მნიშვნელოვანია ქეისებით, ფილმებით, ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიებით, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებითა და პირადი მაგალითებით სწავლება.

პედაგოგიურ საქმიანობაში ყველაზე დიდ გამოწვევად სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში მუშაობას თვლის, სადაც რთული ქცევის, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მოზარდები სწავლობდნენ. სირთულე მალევე დაძლია. სწორედ იქ მიხვდა, რას ნიშნავს იყო უარყოფილი. ასე აღიარა განსხვავებული შესაძლებლობები და დაიწყო მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა. მის გაკვეთილზე მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართულები და ისტორიით დაინტერესებულები იყვნენ, რასაც ერთ სსსმ მოსწავლესთან გარე დაკვირვების წარმატებით გავლაც ადასტურებს. მისი მოსწავლეები მონაწილეობენ კონფერენციებში და ესეების კონკურსში, სადაც არაერთხელ გაიმარჯვეს. ყოველ წელს მისი მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან.

ორი წელია კახა აქტიურად თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან.  ის არის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექპერტი/ქოუჩი ისტორიის მიმართულებით. გასულ სასწავლო წელს განახორციელა პროექტი „იყავი ჩემი მასწავლებელი ერთი დღით“, პროექტის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩადიოდა მასწავლებლებთან და ატარებდა ისტორიის გაკვეთილს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების მიზნით. როგორც მომხსენებელი მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში სომხეთსა და თურქეთში.

საგნის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს: „მკითხველის დღიურები“, „გააცოცხლე ისტორია ექსპონატით“, „აჩვენე შენი ქალაქი თანატოლს“, “ხელი ხელს ჰბანს“, „ჯანმრთელი ფილტვები“ ,„მე დედამიწელი ვარ“…. მომავალი სასწავლო წლისთვის სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში  აპირებს, საკუთარი ძალისხმევით დააარსოს  სტიპენდია ისტორიაში საუკეთესო მიღწევების მქონე ბავშვებისათვის. როგორც  აღნიშნა,  სტიპენდიის დებულება უკვე შედგენილი აქვს.

კახამ და მისმა მოსწავლეებმა დააარსეს საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“. როგორც თვითონ ამბობს: ჩემი ყოველდღიური საფიქრალი იყო, როგორ მეპოვა საკუთარ თავში საყრდენი წერტილი დედამიწის დასაძრავად. თამამად გავანდე ჩემი ფიქრები მოსწავლეებს, რომლებსაც მოსვენება დაუკარგა ჩემმა ნათქვამმა.  ასე გაჩნდა იდეა და შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი, „სიკეთის რევოლუცია“. ფონდში ყველა მოხალისეობის პრინციპით მუშაობს და შემოსული თანხა იხარჯება სოციალურად დაუცველი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით  გასული ერთი წლის განმავლობაში  მათ 60-ზე მეტი ოჯახის დახმარება შეძლეს.