UG სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ოცნებობდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა, მასწავლებლობის იდეა, ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარული მაინც ვერ დაივიწყა. ამიტომ ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებელ-მაძიებელი გახდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი, როგორც მასწავლებლის ცხოვრება.
ინა იმედაშვილის ყოველი გაკვეთილი, სასწავლო პროცესი დაფუძნებულია ჰუმანურ ღირებულებებზე, როგორიცაა ტოლერანტობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, მოსწავლის ღირსებისა და პირადი სივრცის გათვალისწინება. ინა დაწყებითი კლასის მასწავლებელია. ფიქრობს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, სწორედ ამ დროს ყალიბდება დამოკიდებულებები, შეხედულებები, უნარ-ჩვევები, ღირებულებები, სწორედ ამ დროს აცნობიერებს მოსწავლე ცხოვრების არსს. ინა ყოველთვის ცდილობს, ბავშვებს გააზრებინოს, რა არის ჭეშმარიტი სიკეთე, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, განსხვავებულის მიმღებლობა. პატარებს უნერგავს სამყაროს სიყვარულს და აჩვევს ზრუნვას. რაც მთავარია, ეხმარება მოზარდებს, ირწმუნონ საკუთარი თავის, საკუთარი ძალების, რომ მათ, ამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, ჩვენი გარემოსთვის ბედნიერების მოტანა შეუძლიათ. ინა სასწავლო პროცესში ხშირად მიმართავს აღმოჩენებითა და კეთებით სწავლებას, უბიძგებს ბავშვებს, თავად გახდნენ მკვლევრები, აღმომჩენები, შემქმნელები.
ინა იმედაშვილის მოსწავლეები აქტიური ბავშვები არიან. ინა ფიქრობს, რომ ბედნიერი, ლაღი მოზარდის ჩამოყალიბების წინაპირობა მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებაა. მისი მოსწავლეები ხშირად აწყობენ გამოფენებს, წერენ მოთხრობებს, აქვეყნებენ წერილებს, დებატების კლუბში მონაწილეობენ, თავისუფლად მსჯელობენ აქტუალურ საკითხებზე, არ ეშინიათ კრიტიკის. ისინი აუცილებლად პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები დადგებიან, კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს სამყაროს უფრო უკეთესს გახდიან.
ინა იმედაშვილი ჟურნალ „მასწავლებლის“ ერთ-ერთი ავტორია. ჟურნალის მეშვეობით თავის გამოცდილებას, მიღწევებსა თუ პრობლემებს, რესურსებსა და მეთოდებს მასწავლებლებს უზიარებს, მისი გზავნილები სიღრმისეულად წარმოაჩენს მასწავლებლის საქმიანობას – მათ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ, მათ „ჯადოსნური ჯოხი“ აქვთ.
ინა ფიქრობს, რომ სწორედ ამ „ჯადოსნური ჯოხის“ დახმარებით მასწავლებელს შეუძლია, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს როგორც სკოლის, ისე თემის განვითარებაში. პროექტებით სწავლებისას ინა მოსწავლეებთან ერთად იწყებს პრობლემის კვლევას, ერთად გეგმავენ პრობლემის მოგვარების გზებს, ისახავენ მიზნებს და აღწევენ კიდეც. ამ ტიპის სწავლებას საჭირო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მოაქვს ბავშვებისთვის, ხოლო სკოლისთვის და თემისთვის სარგებელი და სიკეთე. ასეთი პროექტები იყო: „სურათებიანი წიგნები პანკისელ ბავშვებს“, „მწვანე აქცია“, „სიკეთე ბუმერანგია – საკვები მიუსაფარი ცხოველებისთვის“, „ლურჯი ფრინველის ძიება“.