გიტა თვალაბეიშვილი

გიტა თვალაბეიშვილი

გიტა თვალაბეიშვილი, 2012 წლიდან მუშაობს ქალაქ თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად. დაამთავრა ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლა. 2005-2009 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, კერძოდ კი ქართულ ფილოლოგიაზე. 2009 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი დაწყებითი განათლების მიმართულებით. 2013-2015 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.

2019 წლიდან წერს საგანმანათლებლო სტატიებს, ჟურნალისთვის „მასწავლებელი“. მისი წერილები შესულია მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოებში „გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის“ და „iსკოლა დისტანციური სწავლებისთვის“. ამჯერად ჩართულია usaid-ის საბაზისო განათლების პროგრამაში, როგორც ლიდერი მასწავლებელი და ცდილობს ფასილიტაცია გაუწიოს კოლეგებს.

გიტა მოსწავლეებს აღიქვამს როგორც თანასწორს.  ყოველთვის ცდილობს საკლასო ოთახში შექმნას პოზიტიური, მეგობრული და თბილი გარემო, რათა სკოლიდან წასულ მოსწავლეს კვლავ გაუჩნდეს უკან დაბრუნების სურვილი. მისი აზრით, ბავშვი უნდა გრძნობდეს თავის  საჭიროებას გაკვეთილზე, ფიქრობდეს რომ მის გარეშე გაკვეთილი ისეთი მომხიბვლელი ვერ იქნება. უკეთესად სწავლებისთვის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციას. მიაჩნია, რომ ბედნიერ მოსწავლეებთან ბევრად მეტის გაკეთებას შეძლებს. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ამისთვის ხშირად იყენებს თამაშის ელემენტებს.  მნიშვნელოვნად და მოსწავლეებისთვის საინტერესოდ მიიჩნევს ინტეგრირებულ სწავლებას.  სჯერა, რომ ამით ისინი საკითხის ღირებულებასა და დანიშნულებას მრავალმხრივ იაზრებენ. ერთ-ერთი ასეთი საგაკვეთილო პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსი განთავსებულია medialiteracy,ge-ის საგანმანათლებო პორტალზე, სახელწოდებით „წინწკლებიანი მუსტანგი“.

გიტას მიაჩნია, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია სწავლება არაფორმალურ გარემოშიც. ამისთვის ხშირად ჩაუტარებია გასვლითი გაკვეთილები ღია სივრცეებში, მუზეუმებში, საგამოფენო დარბაზებში, თეატრებში,  რასაც ყოველთვის თან ახლავს მოსწავლეთა  რეფლექსია.

მიაჩნია, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე სასწავლო პროცესის დადებითი მაჩვენებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, მათთან ინდივიდუალური საუბრები და მათთან ერთად  მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა.

თვლის, რომ მასწავლებელი ბუნებით მკვლევარი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. ამისთვის საუკეთესო საშუალებად პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თვლის, რომელსაც ბოლო წლებში ხშირად იყენებს.  მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინსტრუმენტად თვლის  „დაკვირვების დღიურის“ წარმოებას, რაც საშუალებას აძლევს სწორად შეაფასოს  ბავშვების  შესაძლებლობები, და თითოეულის საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმოს აქტივობები. მეტწილად დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს იყენებს, იქნება ეს გარემოს მოწყობა თუ მეთოდოლოგიის მრავალფეროვნება. მიიჩნევს, რომ  მოსწავლეთა მიღწევებსა და შედეგებს საგრძნობლად აუმჯობესებს რემედიაციული პროგრამაც.

სამი წელია სკოლის ბაზაზე დამწყები მკითხველისთვის შექმნილი აქვს მკითხველთა კლუბი „წიგნიერი“, რომლის ფარგლებშიც  ეწევა წიგნის პოპულარიზებას. პანდემიის პირობებში კლუბი ონლაინ აგრძელებს ფუნქციონირებას. იგი ახერხებს პატარა მკითხველებს წიგნისადმი ინტერესი გაუჩინოს მწერლებთან შეხვედრებით, წიგნების ფესტივალზე სტუმრობით, სპექტაკლების ინსცენირებით, უფროსკლასელების მიერ ჩატარებული  კითხვის გაკვეთილებით და ა.შ.

გიტას მიაჩნია, რომ სწავლება, ორჯერ სწავლას ნიშნავს –  ერთხელ  საკუთარი თავისთვის, მეორეჯერ კი – მოსწავლეებისთვის. ამიტომ ყოველთვის ცდილობს გაეცნოს სხვადასხვა სიახლეს, მასალასა თუ მეთოდოლოგიას და ისე მიიტანოს ბავშვებამდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.