გიორგი ტერუნაშვილი

გიორგი ტერუნაშვილი

გიორგი ტერუნაშვილი – მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებლად. გიორგი თვლის, რომ მის პროფესიულ ზრდაში გადამწყვეტი როლი შეასრულა პროგრამამ „ასწავლე საქართველოსთვის“. ის კონსულტანტ-მასწავლებლის სტატუსით მუშაობდა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სხვადასხვა  სკოლებში.

გიორგის პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი მახასიათებელი მოსწავლის კომპლექსურ განვითარებაზე ორიენტირებაა. დემოკრატიულობა, პირადი მაგალითის მიცემა, თანამიმდევრულობა, მისი პედაგოგიური პრაქტიკის ძირითადი ღირებულებებია, რომლებმაც მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თემის სიყვარული და პატივისცემა, მოაპოვებინა. გიორგის მოსწავლეების მოტივაციის ზრდა განაპირობა მისმა  კონსტრუქტივისტულმა მიდგომებმა, საინტერესო რესურსების გამოყენებამ, საკითხებისადმი კომპლექსურმა მიდგომამ და სოციალური კომპეტენციის განვითარებაზე ზრუნვამ. მას უმნიშვნელოვანესად მიაჩნია რომ მოსწავლეებს აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის შეგნებული ჰქონდეთ გარემოს, საზოგადოების, ეკონომიკის მდგრადი განვითარების ცნებები და საკუთარ გადაწყვეტილებებს მათი გააზრების შედეგად იღებდნენ. ის გაკვეთილის ახსნისას და  დავალებების მიცემისას ითვალისწინებს, რომ ინტერაქციაც მაღალი იყოს და საკითხის გადაჭრისას მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო საგნიდან მიღებულ ცოდნას დაეყრდნონ. სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში გიორგი მოსწავლეებს რთავს შერეული ასაკობრივი ჯგუფების ფორმით, ასევე მხარს უჭერს ერთობლივ პროექტებს.

გიორგი თვლის, რომ მისი მთავარი პროფესიული მიღწევა მოსწავლეთა მიერ პროექტების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელებაა, მაშინ როცა ის, როგორც მასწავლებელი მხოლოდ ფასილიტატორის ამპლუაშია. ყოველივე ამის მისაღწევად მას მიზანმიმართული მუშაობა დასჭირდა. სასწავლო შედეგებზე დასაკვირვებლად მოსწავლის მიღწევებს ადარებს მისივე წინარე მიღწევებთან და არავითარ შემთხვევაში სხვა მოსწავლეებთან. გიორგი უპირატესობას ანიჭებს განმავითარებელ შეფასებას, აღიარებს და მხარს უჭერს მოსწავლეთა  მიღწევებს.

ისტორიის სწავლებისას, ისტორიული ფაქტების, მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებების წარმოსაჩენად ის მოსწავლეებთან მუშაობს კომპლექსური დავალებებით, აგრეთვე იყენებს მის მიერ შექმნილ რესურსებს, ახორციელებს სხვადასხვა სახალისო აქტივობას. მოსწავლეებში ტოლერანტობისა და ემპათიის სტიმულირებისთვის, გიორგი ატარებს პროექტ-გაკვეთილებს რითიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ინკლუზიური სოციალური გარემოს უპირატესობის აღქმას.

გიორგი მოსწავლეებს ასწავლის პროექტების წერასა და კვლევის ჩატარებას, ხელს უწყობს   სასწავლო პროექტებში თემის წარმომადგენლების ჩართვას. მოსწავლეები  ატარებენ კვლევას,   შედეგებს აცნობენ თემის, სკოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.  ასევე, თანამოქალაქეებს აწვდიან საჭირო ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებზე, თვითთმმართველობაში მონაწილეობის ფორმებზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და დაგეგმილი მუნიციპალური პროექტების მოძიების გზებზე, ამზადებენ პეტიციებს თემის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

კოლეგებთან გიორგის თანამშრომლობა მრავალფეროვანია: გარდა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრებისა, კონსულტაციას უწევს ადგილობრივ მასწავლებლებს პროფესიულ უნარებში, ხოლო საგნობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად აკავშირებს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შესაბამისი საგნის კონსულტანტ-მასწავლებლებთან. გიორგის ამ წამოწყებაში პროგრამიდან მრავალი კონსულტანტ-მასწავლებელი ჩაერთო, შედეგად გაიზარდა ადგილობრივი კოლეგების პროფესიული და საგნობრივი კომპეტენციები, სკოლებს შორის შეიქმნა კოლეგიალური ქსელი.