Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ელზა ხარშილაძე

ელზა ხარშილაძე

ელზა ხარშილაძე 2013 წლიდან მუშაობს სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. ნიგვზარის სკოლა მისი მშობლიური სკოლაა და აღნიშნავს, რომ აღმზრდელი პედაგოგების გვერდით მუშაობა განსაკუთრებული პატივია. „წლის საუკეთესო მასწავლებლის“ რაიონული ტიტულის მოპოვებისთვის 2018 წელს მიღებული აქვს საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სიგელი.

ელზას პედაგოგიური პრაქტიკა ემყარება მოსწავლეთა განსხვავებულობის აღიარებას, ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, გამოცდილებას და შესაბამისად გეგმავს  სასწავლო პროცესს. ის თვლის, რომ საგნის ეფექტური სწავლებისთვის, მასწავლებელმა ჯერ მოსწავლის გულამდე მისასვლელი გზა უნდა იპოვოს, მოიპოვოს ნდობა და  შეუქმნას განწყობა სწავლისთვის. სწავლის მოტივაციის გაზრდისთვის მრავალფეროვანი მეთოდებისა და  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მისი ყოველდღიურობის ნაწილია. ელზასთვის პრიორიტეტი კეთებით სწავლებაა, ხშირად მიმართავს მოდელირებას, პროექტულ სწავლებას, კლუბურ მუშაობას, რომელიც ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.

ელზა მიიჩნევს, რომ მოსწავლეების ფიზიკით დაინტერესება მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურად მონაწილეობს საგაკვეთილო თუ კლუბურ მუშაობაში და საკუთარი ინიციატივით ქმნის  რესურსებს ფიზიკის გაკვეთილისთვის.  რამდენიმე მათგანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, მომავალი პროფესია ფიზიკას დაუკავშიროს. 2019 წლის სექტემბრიდან სკოლა ჩართულია საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამაში, რომელსაც ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის წყალობით მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა თავად ჩაატარონ  ცდა, დაკვირვება, ექსპერიმენტი. სიმულაციების საშუალებით შესაძლებელია რეალურ ექსპერიმენტში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების ვიზუალიზაცია. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ, ბატონ დავით სონღულაშვილთან, რომელიც დისტანციურად ერთვება ფიზიკის გაკვეთილებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

ელზა ხარშილაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მუშაობდა ფასილიტატორად. ის გამოირჩევა  თანამშრომლობითი უნარებით, ემპათიით და მუდმივად ეხმარება კოლეგებს პროფესიულ ზრდაში. ამავდროულად ის სკოლის ლიდერთა ჯგუფის წევრია და სკოლის საჭიროებების მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობს.  ორგანიზებას უწევს სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრაზე დაგეგმილ ღონისძიებებს. მისი საქმიანობა ემსახურება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას. საინტერესო მოხსენებებით ელზა ხარშილაძე აქტიურად მონაწილეობს როგორც რაიონულ, ასევე ეროვნულ კონფერენციებში.

ელზა მიიჩნევს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა და საუკეთესო ათეულის წევრობა უკვე დაეხმარა  სკოლის  წარმოჩენაში. გამარჯვების შემთხვევაში, მისი მიზნები სკოლის და თემის განვითარებას უკავშირდება, რადგან სჯერა, რომ ძლიერი და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მაღალმთიანი სოფლის პრობლემების  მოგვარებას შესაძლებელს გახდის.