დაჩი ნანობაშვილი

დაჩი ნანობაშვილი

დაჩი ნანობაშვილი მე-3 კურსის სტუდენტი იყო როდესაც დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობის სურვილი გაუჩნდა და აგერ უკვე 20 წელია არ შორდება სასკოლო ცხოვრებას.  2010 წელს იგი იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე  ექსპერტი. 2011 წელს კი 1–6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი.

პედაგოგად მუშაობის პირველივე დღეებიდან დაჩი ცდილობს ბავშვებს შეაყვაროს მათემატიკა. მათში გააჩინოს სწავლის სურვილი და გაზარდოს მოტივაცია. საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ჩართულობის ასამაღლებლად და, შესაბამისად, მათი ჩართულობის მარტივად და სამართლიანად შესაფასებლად იგი იყენებს თავის მოფიქრებულ ე.წ. „წერტილების სისტემას“, რაც მდგომარეობს შემდეგში: ბავშვები მთელი კვირის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და შესრულებული დავალებებისთვის იღებენ „წერტილებს“ რომლებიც კვირის ბოლოს გარდაიქმნება ქულებად.

დაჩის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს ბავშვებისთვის  თვითშეფასების ამაღლება, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომითა და კომპლექსური მუშაობით ახერხებს. ამასთან ერთად იგი თვლის, რომ  მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის პერიოდული შემოწმება და შედეგების ანალიზი. მეტი ეფექტიანობისთვის მას შექმნილი მაქვს Excel-ის მარტივი ფორმა, რომელშიც მონაცემები (მოსწავლის სახელი, გვარი, ტესტის მასალა, თითოეული საკითხის ქულა) შეაქვს წინასწარ. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტში შესული ზოგიერთი თემა პროგრამაში შეტანილია 2, 3 ან მეტი ქვეთემის სახით. ეს კიდევ უფრო ზუსტი ანალიზის საშუალებას იძლევა. ყოველი ტესტირების შემდეგ, მოსწავლეების შედეგების მიხედვით იგი ავსებს ზემოაღნიშნულ ფორმას, რომელიც ავტომატურად აწვდის ინფორმაციას კონკრეტული თემის (ქვეთემის) რომელი საკითხია კლასისთვის ან კონკრეტული მოსწავლისთვის გაუგებარი. შედეგად მას უმარტივდება როგორც კლასთან, ასევე თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა.

დაჩიმ 2009 წელს დაარსა მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ (www.everest.ge), რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს. ოლიმპიადა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით წელიწადში ორჯერ, სამ ტურად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებს (ათობით ათასი) 2-6 კლასის მოსწავლე. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი მედლები და ფასიან საჩუქრები. ფასიანი საჩუქრებით ასევე ჯილდოვდებიან წარმატებული მოსწავლეების მასწავლებლები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაჩის გამოშვებული აქვს ამოცანების 13 კრებული. კრებულებში შესულია ის ამოცანები რომლებიც სხვადასხვა წელს გამოყენებული იყო ოლიმპიადაზე. ამოცანების აბსოლუტური უმრავლესობა დაჩის შედგენილია. წიგნებს საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები.

უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადა ბოლო ოთხი წელია ტარდება ოკუპირებულ (გალის რაიონის) ტერიტორიაზე. ყოველწლიურად ოლიმპიადაში აღნიშნული რაიონის 300-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

დაჩი ცდილობს კოლეგებს მისცეს მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სასკოლო აქტივობების სკოლის გარეთ გატანა და ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება. მაგალითისთვის გამოდგება უკანასკნელი წლების მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი – მათემატიკის ფესტივალი. იგი თავდაპირველად სკოლაში ატარებდა მათემატიკის კვირეულებს, 2016 წელიდან მოყოლებული ყოველწლიურად 14 მარტს კი თბილისში დაჩის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მათემატიკის ფესტივალი ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოს კერძო და საჯარო სკოლები. ფესტივალის მიზანია: მათემატიკის პოპულარიზება; სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება; სწავლის მოტივაციის ამაღლება და კრეატიული იდეების წახალისება. აღნიშნული ფესტივალის მიმართ დაინტერესება იმდენად გაიზარდა, რომ მომავალ წელს მისი ჩატარება ერთდროულად რამდენიმე ქალაქში იგეგმება.

ბიოგრაფია

დაჩი ნანობაშვილი დაიბადა 1979 წლის 15 მარტს, თბილისში. 1996 წელს დაამთავრა პირველი ექსპერიმენტული სკოლა. ამავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. დაჩი 1999 წლიდან დღემდე მათემატიკას ასწავლის. 2018 წლიდან არის წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის პირველი კლასების მენეჯერი. 2009 წელს დააარსა მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“, რომელშიც მონაწილეობას იღებენ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან) მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. 2010 წელს იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის გარე ექსპერტი. 2011 წელს იყო 1-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტი. დაჩი არის მათემატიკური ფესტივალის დამფუძნებელი. 2018 წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. დაჩი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.