ციცინო გობაძე

ციცინო გობაძე

ციცინო გობაძე 19 წლის იყო, როდესაც 1990 წელს, მარნეულის რაიონის, შულავრის ახალგახსნილ ქართულ საშუალო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ მუშაობდა  ხულოს რაიონის, სოფელ  დიოკნისის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგად, ხოლო 2002 წლიდან, წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.  2010 წელს გახდა უფროსი მასწავლებელი, 2011 წელს მიიღო საუკეთესო მასწავლებლის სერტიფიკატი. 2019 წლიდან  წამყვანი მასწავლებელია.

ციცინო მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებს განუვითაროს დამოუკიდებელი, თავისუფალი აზროვნება, იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, აქტივობებს მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე არჩევს,  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფილმების ჩვენებებსა და დისკუსიებს, თვლის, რომ თემატურად შერჩეული ფილმი მოსწავლეებს ზნეობრივ და მორალურ განვითარებაში ეხმარება.  მისთვის მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება,  ხშირად ახორციელებს როგორც სოციალურ, ასევე სასწავლო პროექტებს. გუმბათის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მიუხედავად ამისა, ყოველ წელიწადს კურსდამთავრებულები  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარმატებით აგრძელებენ სწავლას.

2019 წელს    პროექტის ,,მასწავლებელი მეგზური ევროპისაკენ“ გამარჯვებული გახდა და სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა   ესტონეთში.  არის ეკო-კლუბის ხელმძღვანელი, რომელიც  ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის“ მონაწილეა და აქტივობებით  ქვემო ქართლის რეგიონში პირველ ადგილზეა.

ციცინო გობაძე მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება, ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს, რისი დახმარებითაც ბევრმა მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი. ხშირად მონაწილეობს რაიონულ სემინარებსა და კონფერენციებში, შექმნა ფეისბუქგვერდი: ,,წალკელი მასწავლებლები ერთმანეთისთვის“, რომელიც საინტერესო სივრცეა გამოცდილების გასაზიარებლად, გვერდი განსაკუთრებით აქტიური პანდემიის პირობებში გახდა. ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის ახორციელებს პროექტებს, მართავს ლიტერატურულ საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს, აწყობს შეხვედრებს ცნობილ მწერლებთან, მისი პროექტების წყალობით ბევრი არაქართველი მოსწავლე მხატვრულ ლიტერატურას ქართულ ენაზე კითხულობს.

წალკა მრავალეთნიკური რაიონია, აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს  ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ბერძენი მოსახლეობა.   სოფელი გუმბათი აჭარელი ეკომიგრანტებით არის დასახლებული. სოფელში   ქართული სკოლა 1998 წელს გაიხსნა. სკოლას აქ აქვს გამართული ინფრასტრუქტურა და ბიბლიოთეკა. ციცინო გობაძემ პირადი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებით გააფართოვა და  დღეს სოფლის მოსახლეობას ბიბლიოთეკა  უსასყიდლოდ ემსახურება.

ამასთან, ციცინო  ხელმძღვანელობს სოციალურ საწარმოს, რომლის მიზანია  საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ამ გზით ქართული ენის პოპულარიზაცია.  2016 წლიდან ცენტრში 400-მდე მცირე და დიდი პროექტი განახორციელა, რომლებშიც სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. პანდემიის პირობებში მიიღო დაფინანსება პროექტისთვის ,,წიგნიერი მეყვავილე“, რომლის ფარგლებშიც წალკის მუნიციპალიტეტის 140-მა მოსწავლემ  საჩუქრად მიიღო წიგნები და ყვავილების ნერგები, ასევე, ამ პროექტის დახმარებით ციცინო გობაძემ 50 მოსწავლე ინტერნეტით უზრუნველყო.