Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ანა კინწურაშვილი

ანა კინწურაშვილი

ანა კინწურაშვილი 2014 წლიდან კერძო სკოლის „ქორალი“ მათემატიკის მასწავლებელია. 2007 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, მეორე სპეციალობად აირჩია ეკონომიკა და სრულად გაიარა ფიზიკა-ასტრონომიის კურსი. 2012 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს სადოქტორო კვლევაზე: „გამონათქვამთა ალგებრის ეფექტურობა სკოლებში სწავლებისას შემეცნებით, მათემატიკურ და სტატისტიკურ უნარებთან მიმართებით“.

ანა მათემატიკური კლუბის  „პი“  და ფიზიკის კლუბის „ტესლა“ დამაარსებელია. კლუბური მუშაობის  მიზანია მათემატიკისა და ფიზიკის  პოპულარიზაცია, არაფორმალურ გარემოში მოსწავლეების კრიტიკული, ანალიტიკური, ლოგიკური, შემოქმედებითი უნარების განვითარება. 2019 წელს, მოხალისედ მუშაობდა სარეაბილიტაციო სოციალური ადაპტაციის ცენტრში „აისი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მათემატიკის მასწავლებლად. 2020 წელს გახდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენერი ფინანსურ განათლებაში. მათემატიკის სწავლისადმი ინტერესის გაღვიძებისთვის მუზეუმში იყო ექსკურსიამძღოლი სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის, დისტანციური სწავლების პერიოდში კი ცდილობდა  ონლაინ ჩართვების ფორმით ესაუბრა მოსწავლეებთან მათემატიკის სწავლის საჭიროებაზე. ამასთან, ანა არის მოხალისე მასწავლებელი და მოსწავლეებს სთავაზობს  დისტანციურ პროგრამას – „მათემატიკა, მისტიკა და ხელოვნება“.

მრავალფეროვანი აქტივობების შედეგად, როგორიცაა მათემატიკის ინტეგრირებული სწავლება, პროექტებით სწავლება, ისტ-ის გამოყენება, როლური თამაშები,  საკლუბო მუშაობა, ანიმაციების შექმნა,   ანას  მოსწავლეებში  მათემატიკის სწავლის  მოტივაცია   გაიზარდა.  მისი ხელშეწყობით მოსწავლეები ქმნიან სასწავლო რესურსებსა  და სამაგიდო თამაშებს. ბავშვები ხშირად მონაწილეობენ მათემატიკის ოლიმპიადებში, დისკუსიებში, კონფერენციებში. მისი მოსწავლეების მიერ შექმნილმა „ტრიგონომეტრიულმა დაფამ“  2017 წელს „ევერესტის“ მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 2019 წელს მისმა მოსწავლეებმა JBC-ის ბიზნეს თამაშების კონკურსში  პირველი ადგილი მოიპოვეს.

ანა მიიჩნევს, რომ აუცილებელია,  მასწავლებელმა ფეხი აუწყოს თანამედროვე  ტენდენციებს. ცდილობს, იყოს მაგალითი მოსწავლეებისათვის – დაანახოს სიახლეების მიმართ მიმღებლობა. დოქტორანტურის კვლევის ფარგლებში თანამშრომლობს პედაგოგებთან საქართველოს მასშტაბით,  მონაწილეობას იღებს კონფერენციებსა და სემინარებში.

ანა ცდილობს, შექმნას სასწავლო გარემო,  რომელშიც ურთიერთობები პატივისცემაზე, სიყვარულზე, სამართლიანობაზე, ტოლერანტობასა და თანამშრომლობაზეა აგებული, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე და  სოციალიზაციაზე. ის, მოსწავლეებთან ერთად  გეგმავს არა მხოლოდ  საგანმანათლებლო  პროექტებს, არამედ მონაწილეობს საზოგადოებრივ აქტივობებში, გარემოსდაცვით, ანტიბულინგურ და საქველმოქმედო ღონისძიებებში. მათემატიკის კლუბი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობის „ეკვილიბრიუმი“ პარტნიორია.  ამ აქტივობებით ანა ცდილობს, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ღირებულებები, რომლებიც მათ ზნეობრივ და მორალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ანა მიიჩნევს, რომ მასწავლებელს აქვს ძალა, თავისი მოსწავლეების ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს, მისცეს ცოდნა და შთააგონოს, რომ განათლება თავისუფლებაა, ამის დამტკიცებას კი  საკუთარი პრაქტიკით ცდილობს.